ტატა ხვედელიანი - არჩილ გორდულაძე, რომელიც, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ძალადობდა დეპუტატებზე, დღეს გვესაუბრება კანონებზე, სარჩელზე და გვეუბნება, რომ ბრალი მიგვიძღვის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

როდესაც ვსაუბრობთ საკონსტიტუციო სარჩელზე, ჩვენ ვერ წარმოვაჩენთ ამ პროცესს, როგორც ერთი ან რომელიმე პარტიის უბრალოდ გაუქმებას, ეს არის განსხვავებული აზრის დევნა, განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ტატა ხვედელიანის თქმით, არჩილ გორდულაძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე საუბრობს, რეალურად „სისხლის სამართლის ბრალდებულია“, რადგან „იგი მთელი საქართველოს დასანახად პირდაპირ ეთერში ძალადობდა პარლამენტის წევრებზე“.
„ოთხი დღის ბოლოს ჩვენ კიდევ არ ვიცით, ვისდამი რა ბრალდებაა წარდგენილი, ვის მიემართება პრეტენზიები, ბრალდებები. არჩილ გორდულაძე, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებულია იმიტომ, რომ მთელი საქართველოს დასანახად პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ძალადობდა ის პარლამენტის წევრებზე, ეს ადამიანი წარმოადგენს დღეს „ოცნებას“, ეს ადამიანი გვესაუბრება რაღაც კანონებზე, სარჩელზე და გვესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალი მიგვიძღვის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ყველა მედიას ექნება უამრავი ვიდეო, რომელშიც გამოხატულია ჩვენი მკაფიო აზრი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვიძახით, რომ 4 ოქტომბერი ეს არის პროვოკაცია. 4 ოქტომბერი ჩვენთვის იყო მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობა იყო მიუღებელი და ჩვენ არ გვჯეროდა არავითარი მშვიდობიანი დამხობის“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ტატა ხვედელიანის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ასაკრძალ პარტიების სიაში შეყვანის მიზეზი არის „შურისძიება გიორგი გახარიას მიმართ და მიმართულია იმისკენ, რომ გიორგი გახარიამ შეწყვიტონ პოლიტიკური აქტიურობა“.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინ ამ პროცესშია ჩართული.
„მე მიმაჩნია, რომ პარტიების გაუქმების გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა გადადის ახალ სივრცეში. ეს ძალიან დამაზიანებელი სივრცეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ფაქტობრივად დიქტატურის დამკვიდრებაა, დადასტურებაა. ავტორიტარული რეჟიმი მაინც ინარჩუნებდა ნიშნებს იმისა, რომ შეიძლებოდა შეცვლილიყო მდგომარეობა, მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე, დადასტურებულად, დეკლარირებულად დიქტატურა იქნება გამოცხადებული. შესაბამისად, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ასევე, უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება პერსონალურად ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, პირველ რიგში იმ დეპუტატებისთვის, მოსამართლეებისთვის“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

























