პაატა სალიას განცხადებით, მსჯელობენ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მსჯელობენ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის".
„ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა სალიამ „ტვ პირველთან".
მან ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის ახალ დირექტორზეც, რამაზ თათარაშვილზეც, რომელიც სალიას თქმით, მისი რეკომენდაციით დაინიშნა აღნიშნულ პოსტზე, თუმცა, საუბარი ჰქონდა შს მინისტრთან სულხან თამაზაშვილთანაც.
„ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა, მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიცი მისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამენიშნა ხელმძღვანელად.
ჩემი რეკომენდაცია იყო, ჩემი ნაცნობობა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კოლეგებთანაც, სადაც მუშაობდა ამ დრომდე, შინაგან საქმეთა მინისტრთანაც მქონდა საუბარი ამის თაობაზე“, - განაცხადა სალიამ.
კითხვაზე, რომ მისი მისამართით აქციის მონაწილეებს პრეტენზიები ჰქონდათ და დევნაში ადანაშაულებდნენ, სალია ასე პასუხობს:
„ეს გარემოებები არ დადასტურებულა არც ერთი გამოძიების ფარგლებში, შესაბამისად, მხოლოდ ბრალდებებით, რომელიც მედიაში ჟღერდება და რომელსაც შეიძლება პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში“, - განაცხადა სალიამ.

























