ირაკლი მელაშვილი - ნათლობაზე რამდენი ხალხიცაა, იმდენს ვერც „ოცნება“ აგროვებს აქციებზე, სერბეთთან პირდაპირი პარალელის გავლება კი ძნელია: მისგან განსხვავებით ჩვენ არც ძლიერი რეგიონული ცენტრები გაგვაჩნია და არც ასეთი სტუდენტური თვითმმართველობები

ირაკლი მელაშვილი - ნათლობაზე რამდენი ხალხიცაა, იმდენს ვერც „ოცნება“ აგროვებს აქციებზე, სერბეთთან პირდაპირი პარალელის გავლება კი ძნელია: მისგან განსხვავებით ჩვენ არც ძლიერი რეგიონული ცენტრები გაგვაჩნია და არც ასეთი სტუდენტური თვითმმართველობები

ნათლობაზე რამდენი ხალხიც მოდის, იმდენს ვერც ხელისუფლება აგროვებს აქციებზე - თუ პროტესტში ნაკლები ხალხი მონაწილეობს, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი შემცირებულია, პროტესტში შედარებით ნაკლები ხალხი იმიტომ მონაწილეობს, რომ არ არიან დარწმუნებულები, ეს პროტესტი გამარჯვების გზისკენ მიგვიყვანს“, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 25 ოქტომბერს ჩატარებულ აქციასა და შალვა პაპუაშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ“.

როგორც ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, როდესაც აქციაზე 150 ათასი კაცი იყო გასული, მმართველი გუნდი მაშინაც საუბრობდა, რომ „ერთი მუჭა ხალხი იდგა“.

“ხალხის ის რაოდენობა, რაც კვირას ვნახეთ, შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად და შეიძლება არა. რაც შეეხება ხელისუფლების კომენტარებს, ძნელია პაპუაშვილზე თქვა, რომ გამაკვირვა. განაგრძობს ამ ფსკერს ეს ადამიანი. ეს არის მათი ლექსიკა და პოლიტიკური გემოვნება. ნათლობაზე რამდენი ხალხიც მოდის, იმდენს ვერც ხელისუფლება აგროვებს [აქციებზე]. რაც შეეხება სამომავლო აქციებს, ოპოზიციის და ხალხის გამოსვლის პრობლემა არის ის, რომ განა პროტესტი არ არის საზოგადოებაში, ხალხს აინტერესებს, როგორც გზით უნდა მიიღწიოს ცვლილება. პროტესტი უნდა იყოს ცვლილებებზე ორიენტირებული, ამას ითხოვს საზოგადოება, რომ ცვლილებების გზა დაანახო. თუ პროტესტში ნაკლები ხალხი მონაწილეობს, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი შემცირებულია. ამას ვერ ვხედავ ოპოზიციიდან. პროტესტში შედარებით ნაკლები ხალხი იმიტომ მონაწილეობს, რომ არ არიან დარწმუნებულები, ეს პროტესტი გამარჯვების გზისკენ მიგვიყვანთ. გზას ვერ ხედავენ და აქ არის პრობლემა. ოპოზიციის ამოცანაა, პრობლემის გადაჭრა. ოპოზიციაც რთულ ვითარებაშია, ამ დროს მთელი პასუხისმგებლობა აკიდო ოპოზიციას რთულია.

როდესაც აქციაზე 150 ათასი კაცი იდგა, მმართველი გუნდი მაშინაც საუბრობდა: „ერთი მუჭა ხალხი დგას“. ახლა ბევრად ნაკლები იდგა, მაგრამ, როდესაც სავსე იყო, რამდენიმე ათასი კაცი არის ქუჩაშიო. რომც ხედავდნენ ბევრს, ერთმანეთის შიშით ვერ იტყვიან ქუჩაში ბევრი ხალხიაო, მოღალატის დაბრალების ეშინიათ. მათი განცხადებები არარელევანტურია. არ საუბრობენ იმას, რასაც ხედავენ. დაკნინებით ცდილობენ ფონს გასვლას. ეს ცუდი გზაა. „ქართული ოცნება“ რაც უფრო ასცილდება რეალობას, მით უარესია. „ლუკაშენკობის“ იმედი აქვთ და ოცნებობენ, „ლუკაშენკოსნაირი“ სიტუაცია შეიქმნას ქვეყანაში. ეს მცდარი გზაა. სანამ სისტემაში ხარ, არ უნდა შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც შემდეგ შენ დაგჩაგრავს. ამ ქვეყანაში ეს ვერავინ ისწავლა, ვერც შევარდნაძის დროს, ვერც სააკაშვილის და ამათ დროს. გადავსებულია ციხეები მათი მაღალჩინოსნებით. იგივე იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ჩემნაირები ეუბნებოდნენ: „ნუ აკეთებთ, თორემ მოგიბრუნდებათ და ციხეებში წახვალთ“. მაშინ ზემოდან გვიყურებდნენ“,- აღნიშნა მელაშვილმა.

გარდა ამისა, მან 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც მელაშვილმა აღნიშნა, „პარტიების გაუქმება არ შეაჩერებს ბრძოლას, არამედ ის გამოიწვევს რადიკალიზაციას“.

„ეს „წითელი ხაზია“, როდესაც ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებ. სარჩელში ვკითხულობთ, რომ პარტიის აკრძალვის კრიტერიუმია ის, მხარდამჭერები ჰყავს თუ არა. წმინდა პოლიტიკური მოტივებია, მე არ დამიწერია ეს, თვითონ დაწერეს ამ შტერებმა. ისინი ვერაფერს გააკეთებენ იმ უკმაყოფილებაზე, რაც არსებობს მათი მმართველობის მიმართ. ადრე თუ გვიან, ეს იფეთქებს. როდესაც კლავ ლეგალური და ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის საშუალებებს, ეს რადიკალიზაციას უწყობს ხელს. ეს ანა-ბანა არ იციან მათ. საბჭოთა კავშირი მთელ მსოფლიოს აზანზარებდა და დისიდენტებთან დამარცხდა. ამათ ეს არ ესმით“, - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.

გარდა ამისა, ირაკლი მელაშვილმა იმაზეც ისაუბრა, არსებობს თუ არა სერბეთსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის პარალელი. ირაკლი მელაშვილმა განმარტა, რომ „პირდაპირი პარალელის გავლება ძნელია“, რადგან სერბეთისგან განსხვავებით, ჩვენ არც ასეთი ძლიერი რეგიონული ცენტრები გაგვაჩნია და არც სტუდენტური თვითმმართველობები.

„ჩვენი ქვეყანა ცენტრალიზებულია. ჩვენთან საკითხები რუსთაველზე წყდებოდა და არა სხვაგან. პირდაპირი პარალელის გავლება ძნელია. ძალიან მაღიზიანებს ზოგიერთი ოპოზიციონერის ლიდერის ცინიკური დამოკიდებულება: „ჰა მითხარით, მადიარის გზაა სწორი თუ სერბეთის“. რატომ უპირისპირებენ ერთმანეთს, ძირი ხომ ერთია - არჩევნები, არჩევნებისთვის მომზადება და სახალხო მოძრაობის გამოყენება პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად. ჩვენ პრობლემა გვქონდა, ამ პრობლემაზე პოლიტიკოსებს პასუხი უნდა გაეცათ. ჩვენ 100 ათასი კაცი გვყავდა ქუჩაში და მკვდარი პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკოსების ბრალი იყო. ახლა გვარამიას და ზოგიერთის ცინიკური დამოკიდებულება მიუთითებს ამ ხალხის არაადეკვატურობაზე. შემდეგ იტყვიან, რატომო. პოლიტიკოსებმა არაფერი შესთავაზეს ქუჩაში გამოსულ ხალხს. ხალხი ქუჩაში იყო და პოლიტიკოსები წინ და უკან დასეირნობდნენ ხალხთან ერთად. ეს ყველაფერი ბავშვებს ანდეს, რომლებმაც ფლაერები აწიეს და „ხლაპუშკების“ სროლა დაიწყეს, რადგან არაფერი ხდებოდა“,- აღნიშნა მელაშვილმა.

გარდა ამისა, მან „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის.

„შიდა ბრძოლის დროს ანგარიშსწორება, კორუფციის თემის გამოყენება ყველაზე უფრო ცნობილი მეთოდია. ეს არის კობახიძის ანგარიშსწორება, კობახიძის ფაქტორი მნიშვნელოვანია. არაფერი იყო გასაკვირი 17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაშიც. ივანიშვილმა იცის, რომ არც კობახიძეს და არც მის არცერთ დანიშნულ პრემიერს არ გააჩნდა ისეთი გავლენა, თავისი თანაგუნდელები დაემშვიდებინა. ივანიშვილის წელიწადში 1-2 ატარებს მსგავს შეხვედრას, რათა საზოგადოებას და გუნდს დაანახოს რომ არსად წასულა და აქ არის. ღარიბაშვილის წერილებმა გააჩინა ეჭვი „ოცნების“ მომხრეებს შორის. ალბათ, ღარიბაშვილი იყო ერთადერთი პრემიერი, რომელსაც სერიოზულად ჰყავდა შიგნით მომხრეები. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, ივანიშვილის მიერ ხომ არ არის პროვოცირებული კობახიძის წინააღმდეგ. ასეთმა ეჭვებმა შესაძლოა გამოიწვიოს შიდა რღვევები. ეს შეხვედრა იმსახურებდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს არ აპირებს“, - აღნიშნა მელაშვილმა.

რაც შეეხება ციხეებში სიტუაციას, მათ შორის კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ შორის ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“ შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურის დირექტორის გიორგი პატარიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, თუ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ეს მართლაც მოხდა, გვაქვს სურათი, როდესაც ხელისუფლება კი არ იყენებს კრიმინალურ ავტორიტეტს, კრიმინალური ავტორიტეტები იყენებს ხელისუფლებას.

„აქ რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც კონფლიქტი იყო. როგორ გავრცელდა ინფორმაცია, ეს ხალხი შეუშვეს ციხეში დროებით, რათა ანგარიში გაასწორებინონ ფეიქრიშვილებთან. თუ ხელისუფლება ამას აკეთებს, ჩვენ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ. თუ მართლაც ასეა, რაც იწერება, გვაქვს სურათი: ხელისუფლება კი არ იყენებს კრიმინალურ ავტორიტეტს, კრიმინალური ავტორიტეტები იყენებს ხელისუფლებას. თუ უარყოფენ, მაშინ ჩანაწერი უნდა არსებობდეს, ამოიღონ და დადონ, თუ არაფერი მომხდარა. გადასცენ ოჯახს, დაახლოებით ცნობილია დღეები, რა ეპიზოდებზეც არის საუბარი“, - აღნიშნა მელაშვილმა.