ანა წითლიძე სასამართლოს - თუ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა

ანა წითლიძე სასამართლოს - თუ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა

თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალპარტიულ დემოკრატიაში საარჩევნო პროცესების შეფასება, ხმების დაცვა და გაყალბებული შედეგების არ აღიარება, ოპოზიციის მთავარი უფლება და მოვალეობაა საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

„დღეს აქ, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში არ წყდება მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი. აქ წყდება ბევრად უფრო დიდი საკითხი - სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფოს უფლებამოსილებას შორის, გამოიყენოს მთელი ეს პროცესი სამართლის და პოლიტიკური ისტორიის გადასაწერად და პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად. მე არ ვითხოვ ჩემი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსულისგან თავისუფლებას, პირიქით, ჩვენ მზად ვართ დღეს აქ, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვისაუბროთ ყველა ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიუღია. მეტიც, ვისაუბროთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებზე, რათა საზოგადოებას ვანახოთ ამ საქმის სრული სამართლებრივი აბსურდულობა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია, ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც სრულად ამახინჯებს კონსტიტუციური სამართლის და ევროპული სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

როდის უნდა იყოს გამოყენებული უკიდურესი ზომა? პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მექანიზმი, ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა ძალადობრივი გზით, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მყისიერი, რეალური და უტყუარი საფრთხე. მოსარჩელე მხარე ცდილობს, რომ ეს მაღალი ევროპული სტანდარტი, თავისი პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად გამოიყენოს და მმართველი გუნდის ნებისმიერი კრიტიკა, დემოკრატიის უგულებელყოფად შეფუთოს.

„ნული თანაგრძნობა ყველა დარბეულს“ - ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადება. პოლიტიკური უმოქმედობისთვის ოპოზიციისთვის ბრალის წაყენება არის ავტორიტარული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას. მოდი გავყვეთ მოსარჩელის ლოგიკასა და ერთ-ერთ მთავარ ბრალდებას, რომ დუმილი არის დანაშაული. ვკითხოთ მოსარჩელე მხარეს, როდის გაემიჯნა გახარიას „გავრილოვის ღამეს“? - მეტიც, არათუ არ გამიჯვნიან, პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. როდის გაემიჯნნენ ირაკლი ღარიბაშვილს, როცა ის ძალადობაზე აკეთებდა განცხადებებს და ადამიანებს ასისხლიანებდა ქუჩაში? - არც ერთხელ, მეტიც ან დუმილის რეჟიმში იყვნენ, ან გამოდიოდნენ და ღიად, საჯაროდ მხარს უჭერდნენ ძალადობას.

შემდეგი ბრალდებისას მოსარჩელე სარჩელში ამბობს, რომ 2016 წლიდან პოლიტიკური პარტიები უწყვეტ რეჟიმში უარყოფდნენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რაზე უარის თქმაც არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფაა. სწორედ აქ ჩანს მთავარი ბუნება ამ ანტიდემოკრატიული სარჩელის. მოსარჩელე გვეუბნება, რომ ხელისუფლების კრიტიკა, არჩევნების გაპროტესტება და ბოიკოტი სახელმწიფო წესრიგის ხელყოფაა. მრავალპარტიულ დემოკრატიაში საარჩევნო პროცესების შეფასება, ხმების დაცვა და გაყალბებული შედეგების არ აღიარება, ოპოზიციის მთავარი უფლება და მოვალეობაა საქართველოს მოქალაქეების წინაშე. თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.