შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს - ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!

ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. თქვენ ახლა რაც ისაუბრეთ, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალი, რაც წაგიყენეს პარლამენტის წევრებმა თავისი სარჩელით, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს - 4 წუთი გახარჯეთ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ცარიელი სიტყვებით დააბრალეთ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ სოფო ხორგუანს.
შალვა პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა სოფიო ხორგუანის კითხვით მიმართვას, გაემიჯნებოდა თუ არა ის ვასილ როინიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და „რეჟიმის სხვა შემოქმედებს, რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ“.
„ქალბატონო სოფიო, თქვენ წინ თქვენი პარტიიდან სამი გამომსვლელი იმას ამტკიცებდა, რომ არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ და ისე გვიყენებთ ბრალსო, არ ვიცით, რას გვედავებითო და ახლა თქვენ 4 წუთი გახარჯეთ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ცარიელი სიტყვებით დააბრალეთ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი. თქვენი სტანდარტი არის ის, რომ ბრალი დასდოთ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულებში? დანაშაულის დაფარვა დააბრალეთ ერთს, მეორეს დააბრალეთ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ა.შ. ასე უაპელაციოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს წაუყენეთ, ლამის, სისხლის სამართლის ბრალი, მაგრამ სხვა დროსაც გვითქვამს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. თქვენ ახლა რაც ისაუბრეთ, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალი, რაც წაგიყენეს პარლამენტის წევრებმა თავისი სარჩელით, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს და ამ შემთხვევაში, თქვენი გამოსვლის სულისკვეთებაც ეს იყო, რომ თქვენ არ აღიარებთ და არ ცნობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით! ბატონი გიორგი [შარაშიძე] ამბობდა, რომ რას გვერჩით ჩვენო, 4 ოქტომბერთან რა შუაში ვართო და თქვენი განცხადება რომ დევს იქ მტკიცებულებად, იმ საქმეში, ხომ იცით ?! სადაც თქვით, რომ 4 ოქტომბერი რომ არ ჩაშლილიყო ჩვენ არ შემოვიდოდით აქ პარლამენტშიო, თქვენი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის, განცხადება ხომ დევს იქ მტკიცებულებად, ხომ იცით?! რომელმაც თქვა, რომ კი შევედითო, მაგრამ არც ახლა ვაღიარებთ ამ პარლამენტსო. ყოველ თქვენს გამოსვლას რომ იწყებთ, რომ მივესალმებით საქართველოს მოქალაქესო და არც კოლეგას ახსენებთ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებთ, პარლამენტს არ ახსენებთ, თქვენ რა გგონიათ, რომ აქ ხართ და თან არ ხართ? „ცისფერ მთებში“ თუ ხართ, რომ თან ხართ და თან არ ხართ? ეს არის თქვენი დილემა. თქვენი განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და გააუქმებს თქვენს პარტიას, მანდატებს დატოვებთ, ეს სხვა რამე კი არ არის, სხვა რამეს კი არ აკეთებდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის მიერ არჩევნებით მონიჭებულ მანდატს არ იყენებდით, ახლაც იმავეს აცხადებთ, რომ აპირებთ, რომ ეს მანდატები არ გამოიყენოთ, რომელიც, დიახაც, რომ ხალხმა არჩევნებში მოგცათ, ასე რომ, ეს თქვენი დამოკიდებულება დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სოფიო ხორგუანმა კითხვით მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გაემიჯნებოდა თუ არა ის ვასილ როინიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და რეჟიმის სხვა შემოქმედებს.
„ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე, გაემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო, გაემიჯნებით შემოქმედებს, იმ ხალხს, ვისზეც იდგა რეჟიმი? ის რეჟიმი იდგა ყველაფრის მკადრებელ პროკურორებზე და ამ პროკურატურის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოზე და თქვენც იმავეს აკეთებთ, იმავეზე დგახართ. გაემიჯნეთ! მაშინ მეც მაქვს უფლება დაგიძახოთ, რომ თქვენ ხართ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

























