გიორგი კახიანი - ის განმარტებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება - სააკაშვილის, ბიბილაშვილის, წითლიძის განცხადებები აჩვენებს, რომ კი არ ნანობენ, რაც გააკეთეს, არამედ ამართლებენ

გიორგი კახიანი - ის განმარტებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება - სააკაშვილის, ბიბილაშვილის, წითლიძის განცხადებები აჩვენებს, რომ კი არ ნანობენ, რაც გააკეთეს, არამედ ამართლებენ

მათი პოზიციები ტყუილებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორ და დამახინჯებულ ინტერპრეტაციებზეა აგებულია. ჩვენ ამ ეტაპზე “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ იმიტომ ვუსმენთ, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურა აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ დროით და ტრიბუნით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაჟღერებული ახსნა-განმარტებები მათსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული სამართალწარმოების შემდეგ ეტაპებზე. როგორც კახიანმა აღნიშნა, “მათ შექმნეს სისტემური დანაშაულების შემთხვევები, თუმცა მონანიების მაგივრად, მათ გამართლებას ცდილობენ”.

“მეორე დღეა ვისმენთ “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პოზიციები ტყუილებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორ და დამახინჯებულ ინტერპრეტაციებზეა აგებულია. ჩვენ ამ ეტაპზე “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ იმიტომ ვუსმენთ, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურა აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ დროით და ტრიბუნით. აუცილებლად ყველა ამ ტყუილის და ინტერპრეტაციის შესახებ შესაბამისს კომენტარებს გავაკეთებთ. ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ვედავებით, არის ის, რომ მათ თავისი ხელისუფლების პერიოდში შექმნეს სისტემური დანაშაულის შემთხვევები და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მათ შეეძლოთ მოენანიებინათ, ამის მაგივრად მათ გამოსვლებში ვხედავთ პათოსს იმისა, რომ კი არ ნანობენ იმ დარღვევებს, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების ნაწილში ჰქონდათ, არამედ თავიანთი ცხრაწლიანი მმართველობით ამაყობენ კიდეც.

შემიძლია ვთქვა, რომ ის ახსნა-განმარტებები, რომელსაც აკეთებდნენ ბატონი ბიბილაშვილი და ქალბატონი წითლიძე, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება, როდესაც სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე გადავალთ. მათი ტყუილები, არასწორი ინტერპრეტაციები და განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კი არ ნანობენ იმ სისტემური დანაშაულების პერიოდს, არამედ პირიქით ამაყობენ.

4 ოქტომბერი არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. მას მშვიდობიანი უწოდეს, ამ აქციის გამართლებასაც კი შეეცადა “ნაციონალური მოძრაობა”. არაფერს ვამბობ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე. მათ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და ტყუილი გააჟღერეს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ 4 ოქტომბრის აქცია, რომელიც იყო სრულიად ძალადობრივი და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მისი გამართლებაც კი დაიწყეს. ამიტომ მათი ასეთი პოზიცია მათივე საწინააღმდეგოდ ძალიან კარგად იქნება გამოყენებული”, - განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას როინ შავაძესთან დაკავშირებით, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ “სინანულიც კი არ ჩანდა იმისა, რომ ადამიანი სადისტურად მოკლეს, არამედ პირიქით ამ შემთხვევის გამართლებასაც კი ცდილობდა”.

“ფაქტობრივად, ამ პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ჩვენ მათივე საწინააღმდეგოდ დამატებითი მტკიცებულებები შემოგვეწევა. თუნდაც ის განცხადებები, რომლებიც მათ დღეს გააკეთეს და ამას კიდევ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც ემატება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კი არ ნანობენ იმას რაც გააკეთეს, არამედ ამართლებენ.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შავაძეზე საუბრობდა, სინანული კი არ ჰქონდა იმისა, რომ ადამიანი სადისტურად მოკლეს, არამედ პირიქით, ამ შემთხვევის გამართლებასაც კი ცდილობდა. ჩვენს სარჩელშიც ამაზეა საუბარი, რომ ეს არის ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში სისტემური დანაშაულები შექმნა და დღეს არ ემიჯნებიან ამას, არ ნანობენ. ისინი წარმოქმნიან რისკს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ. ესეც იქნება ერთ -ერთი არგუმენტი მათ წინააღმდეგ ამ პროცესზე”, - განაცხადა კახიანმა.