დანიის პრემიერ-მინისტრი - ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინთან საუბარი ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირებული არ ყოფილა - არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობენ ამ ნაბიჯით, მნიშვნელოვანია, ევროპა ერთად დადგეს

ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინთან საუბარი ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირებული არ ყოფილა, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
„ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ ინიციატივის მიმართ. ეს ჩვენთან კოორდინირებული არ ყოფილა. ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, რომ რუსეთს ევროპასთან მშვიდობა სურს, ვერც ჰიბრიდული ომის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ვერც უკრაინაში, სადაც ყოველდღიურად სასტიკ იერიშებს ახორციელებენ“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მისი თქმით, საკუთარი ინიციატივით გადადგმული ნაბიჯების ნაცვლად, ევროპა ერთიანი უნდა დარჩეს.
„არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობენ ამ ნაბიჯით. ჩვენ ამას ადრეც ხაზი გავუსვით, მთელი დანარჩენი ევროპის სახელით, როდესაც სხვები მარტო მოქმედებდნენ და მოსკოვში ჩადიოდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ევროპა ერთად დადგეს“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.
ალექსანდრ სტუბის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო.

























