„ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ შენს ძალისხმევას ამჩნევენ“ - გაიცანით NMG-ის (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) სტიპენდიატი თეკლა დანელია

საკუთარი ინტერესების სრულად რეალიზება, პირადი პასუხისმგებლობა და შრომისადმი თანმიმდევრული მიდგომა - ეს ის ღირებულებებია, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტს, თეკლა დანელიას გამოარჩევს.
ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ, არჩევანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და სურსათის ტექნოლოგიების სინთეზზე შეაჩერა. დატვირთული სასწავლო გრაფიკის, შრომატევადი ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების პარალელურად, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნებამ მას NMG-ის სტიპენდია და აღიარება მოუტანა.
როდის მიხვდით, რომ ეს სფერო თქვენი საქმე იყო და რა გახდა მთავარი ინსპირაცია ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
ვარ აგრარული უნივერსიტეტის, სასურსათო ტექნოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი. სკოლის პერიოდში ბევრი ინტერესი მქონდა, თუმცა აბიტურიენტობის ეტაპზე გამოიკვეთა ჩემი მისწრაფება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) მიმართ. თუმცა, ისევ საკუთარი ცნობისმოყვარეობისა და მრავალფეროვნების სიყვარულიდან გამომდინარე, მკაცრად ერთი დისციპლინის არჩევა არ მინდოდა. ნაცნობის რჩევით დავესწარი აგრარული უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამას, სადაც გავეცანი სურსათის ტექნოლოგიის ფაკულტეტს და მივხვდი, რომ ძალიან ეხმიანებოდა ჩემს ინტერესებს, როგორც ზემოხსენებული მეცნიერებების, ისე თავად სურსათის მიმართ.
ერთ-ერთი დიდი მოტივატორი გახდა ამ კურსში არსებული ლაბორატოროული სამუშაოები. კურსი მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას.

რამდენად ემთხვევა სტუდენტური რეალობა იმ წარმოდგენებს, რაც უნივერსიტეტში ჩაბარებამდე გქონდათ?
ჩემთვის, სტუდენტური ცხოვრება ყოველთვის უფრო მეტ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და ასეც არის. სკოლისგან განსხვავებით აქ თავად გიწევს განკარგო საკუთარი დრო და რესურსები. რთულ აკადემიურ გარემოში, თავისუფლების პროპორციულად იზრდება პირადი პასუხისმგებლობა. ამიტომ, ვიტყოდი, რომ უფრო რთულია, ვიდრე წარმომედგინა.
როგორ ახერხებთ სწავლასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას - რა არის თქვენი მაღალი აკადემიური შედეგების საიდუმლო?
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და აურაცხელი გამოცდებისა, რესურსების სწორად მიმართვით და საკუთარი შესაძლებლობების შეფასებით, გარკვეულწილად შესაძლებელია, ცხოვრების სხვა-არა აკადემიურ სფეროებსაც დაუთმო ყურადღება. ჩემი ,,საიდუმლო” ლექცია-სემინარებზე ინტერაქციულობა და მასალის თანმიმდევრული სწავლაა.

რა იყო ყველაზე საინტერესო ან რთული პროექტი/დავალება სწავლის განმავლობაში, რომელმაც ყველაზე მეტი გამოცდილება მოგცათ?
ცალკეულად ერთ პროექტს ან დავალებას არ გამოვარჩევდი. ნებისმიერი საგნის გავლისას მთავარ და უდიდეს სირთულეს წარმოადგენს დროის სწორი მენეჯმენტი. ზოგიერთი საგანი, როგორიც მაგალითად ორგანული ქიმიაა, ობიექტურად რთული და შრომატევადია. გამოვარჩევდი ამ საგნის ლაბორატორიულ სამუშაოებსაც, რომლებიც დიდ სიზუსტეს, ცოდნას და მოთმინებას მოითხოვს სტუდენტისგან.
რას ნიშნავს თქვენთვის NMG-ს სტიპენდია და რაში გეხმარებათ მსგავსი მხარდაჭერა?
ჩემთვის ეს სტიპენდია პირველ რიგში ჩემი შრომისა და მონდომების დაფასებაა. ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ შენს ძალისხმევას ამჩნევენ. შემდგომ კი აფასებენ. გარდა მატერიალური დახმარებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ფაქტობრივად აღარ გვრჩება დრო აკადემიური სივრცისა და მინიმალური პირადი ცხოვრების მიღმა, ეს სტიპენდია არის მორალური მხარდაჭერა და უდიდესი მოტივაცია იმისა, რომ არჩეული გზა ბოლომდე ასეთივე წარმატებითა და შემართებით გავიარო.

თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ახალგაზრდის მოტივაციაზე იმის დანახვა, რომ მისი შრომა უყურადღებოდ არ რჩება?
როგორც უკვე ვახსენე, ასეთი სტიპენდიები, როგორც მატერიალური ისე დიდი მორალური მხარდაჭერაა ნებისმიერი სტუდენტისთვის, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რა გზასაც არ უნდა იდგეს იგი, უმთავრესია უკუკავშირი. ხოლო როცა ეს უკუკავშირი შესაბამისობაშია ჩვენს მიერ ჩადებულ შრომასთან, ის ხდება მთავარი მამოძრავებელი ძალა.
რა არის თქვენი უახლოესი პროფესიული მიზნები სწავლის დასრულების შემდეგ?
ჩემი პრიორიტეტი ცოდნის გაღრმავებაა, მიუხედავად მრავალფეროვანი ბაკალავრისა, მინდა მაგისტრატურაზე გავაგრძელო ჩემთვის საინტერესო თემების უფრო ღრმად შესწავლა. პარალელურად, პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილების დაგროვებაც, რათა უკეთ გავიგო ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში როგორ აისახება.
რას ეტყოდით სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი მიზნებისკენ სვლას?
პირველ რიგში ვურჩევდი მათ, რომ არანაირ ჩარჩოში არ მოიქციონ თავი. როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დამთავრებული, გაუაზრებლად ვექცეოდი იმ გავლენის ქვეშ, რომ ჩემი კარიერა აუცილებლად მკაცრად მათემატიკასა და ფიზიკასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. როცა ვგრძნობდი, რომ ჩემი ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა.
ასევე, ვურჩევდი, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მიჰყვნენ საკუთარ მიზნებს, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება. ხოლო იმის სწავლით მიღებული სიამოვნება, რაც მართლა გვაინტერესებს, შეუფასებელია.

























