მაია კოპალეიშვილი - პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც ეხება, როგორიც არის ხმის მიმცემთა უფლება - ვითხოვთ, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს

მაია კოპალეიშვილი - პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც ეხება, როგორიც არის ხმის მიმცემთა უფლება - ვითხოვთ, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც ეხება, როგორიც არის ხმის მიმცემთა უფლების შეზღუდვა - მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია გაქრება პოლიტიკური ველიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი აკრძალვის შემთხვევაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ თავისვე განცხადების შესაბამისად კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს. თითოეული მოპასუხის საქმე, ცალ-ცალკე შეაფასოს და 2004-2008 წლების სახელმწიფო პოლიტიკაზე ფაქტობრივი დასკვნებისგან თავის შეიკავოს, - ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გააკეთა, სადაც ახსნა-განმარტებით პლენუმს მოახსენა, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს „ქართული ოცნების“ სარჩელი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.

მაია კოპალეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი თითქმის მთლიანად არის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით შექმნილმა, ოპოზიციის გარეშე დაკომპლექტებულმა ორგანომ მიიღო და რომლის ავტორებიც თავად მოსარჩელეები არიან.

„ეს მასალა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად და ამისგან დამოუკიდებლად მოსარჩელის საკუთარი მტკიცებაა და არა მტკიცებულება. ფაქტები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეიძლება რომ დადგინდეს, რომელიც არცერთი მოპასუხის მიმართ არ არსებობს.

სარჩელი არ ასაბუთებს მოპასუხისთვის მიკუთვნებად არცერთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს ქმნიდა. მოპასუხე მასში ფიგურირებს სხვების ქმედებების კოლექტიური მიკუთვნებით, ორი ლიდერის ბიოგრაფიით, ერთი განცხადების მინიშნებით და კონსტიტუციური უფლების გამოყენებით“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისი განმარტებით, არჩევნების შედეგების არაღიარება და საპარლამენტო ბოიკოტი - აღნიშნული, ევროპული სტანდარტით დაცული პოლიტიკური საქმიანობაა, მანდატზე უარი კი კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაა.

„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ქმედება პარტიის აკრძალვის საფუძველს არ ქმნის, საქართველოში კი იგივე ქმედება 2008 წელს იმ პირებმა განახორციელეს, რომლებიც შემდეგ მოსარჩელე პოლიტიკური ძალის თანამდებობის პირები გახდნენ. ის შესადარებელი შემთხვევები, რომლებსაც მოსარჩელე პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ თავად იმოწმებს: მოლდოვა, უკრაინა და გერმანია საპირისპიროს ადასტურებს. იქ აკრძალვა ძალადობას, უცხო სახელმწიფოსადმი- რუსეთის ფედერაციისადმი დაქვემდებარებას და აგრესიის მხარდაჭერას ეფუძნებოდა და იქ, აგრესორის მხარდამჭერი ან ტოტალიტარული პლატფორმები აიკრძალა, ანტიკონსტიტუციური, მაგრამ უპოტენციალო პარტია კი არა, აქ კი, პროდასავლური [პარტიების] აკრძალვას ითხოვს მოსარჩელე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

კოპალეიშვილის თქმით, სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხება 2006-2008 წლებს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას საერთოდ სცდება, ამასთან, მოპასუხეს კი ეს ქმედებები ვერცერთი ფორმით ვერ მიეწერება. ამასთან, მისივე შეფასებით, სარჩელი ინდივიდუალურ შედეგებს არ ითხოვს, მაგრამ მისი დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს ხსნის“.