ლაშა ფარულავა - „ოცნება“ ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა, ვითხოვთ სატარიფო ცვლილებების შეჩერებას!

„ოცნება“ ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს! გაზისა და წყლის მოხმარების ტარიფების გაზრდას აპირებენ!- ეს სოციალური ტერორის გზაა! ჩვენ ვითხოვთ სატარიფო ცვლილებების შეჩერებას, კორუფციული ინტერესებისა და კარტელების დაშლას, ზედმეტი შუამავლების მოცილებას და გადასახადების შემცირებას! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფარულავა მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას ზამთრის დასაწყისში აპირებენ, როდესაც ადამიანებს გათბობა სჭირდებათ, გაძვირებული კომუნალურები ბიზნესის ხარჯებსაც გაზრდის და პროდუქტების გაძვირების რისკსაც შექმნის.
„კანონპროექტის ინიციატორები "ქოცბიზნესმენები" - შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და ანტონ ობოლაშვილი არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლის დასაწყისში მაღალი ფასების წინააღმდეგ კომისიებს ქმნიდნენ, ახლა კი თავად გვთავაზობენ ცვლილებებს, რომლებმაც ხალხს ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო გაუძვიროს! მათთვის საკუთარი კეთილდღეობა ხალხის გაჭირვებაზე მნიშვნელოვანია! კანონპროექტი სემეკს, ანუ დავით ნარმანიას, აძლევს შესაძლებლობას, გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით განასხვაოს. ამას კი ზამთრის წინ აკეთებენ, როცა ოჯახებს გათბობა ყველაზე მეტად სჭირდებათ! გაძვირებული კომუნალურები ბიზნესის ხარჯებსაც გაზრდის და პურპროდუქტებისა თუ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირების რისკსაც შექმნის. ამ დროს, საკუთარ ანაზღაურებას ათასობით ლარით იზრდიან, პენსიონერს კი მხოლოდ 45 ლარს უმატებენ - თანხას, რომელიც შესაძლოა, გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტებში ისევ უკან წაიღონ! ეს სოციალური ტერორის გზაა! ჩვენ ვითხოვთ სატარიფო ცვლილებების შეჩერებას, კორუფციული ინტერესებისა და კარტელების დაშლას, ზედმეტი შუამავლების მოცილებას და გადასახადების შემცირებას! ხალხს გაძვირებული ცხოვრება კი არა, შეღავათი და სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება!“- განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

























