გიგა ფარულავა - არ გვაქვს განცდა, რომ ჩვენს პარტიას არ აკრძალავენ, ამიტომ მოგვიწევს ახალი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, რაც შეეხება პროტესტს, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ხალხის ძალის ეშინია და რაც უფრო მძლავრი იქნება მშვიდობიანი პროტესტი, მით ნაკლებად შეეძლება, გაიმყაროს პოზიციები

გიგა ფარულავა - არ გვაქვს განცდა, რომ ჩვენს პარტიას არ აკრძალავენ, ამიტომ მოგვიწევს ახალი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, რაც შეეხება პროტესტს, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ხალხის ძალის ეშინია და რაც უფრო მძლავრი იქნება მშვიდობიანი პროტესტი, მით ნაკლებად შეეძლება, გაიმყაროს პოზიციები

არ ვიცი, რა ქმნის განცდას, რომ კონკრეტულ პარტიებს არ აკრძალავენ. ჩვენ ეს განცდა არ გვაქვს - როდესაც დღის წესრიგში დადგება ჩვენი პარტიის გაუქმება, მოგვიწევს ახალი დღის წესრიგით ვიყოთ წარმოდგენილები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ფარულავამ აღნიშნა, აბსურდულია მმართველი გუნდის ბრალდებები, რომ არაკონსტიტუციურები არიან.

„არ ვიცი, რა ქმნის განცდას, რომ კონკრეტულ პარტიებს არ აკრძალავენ. ჩვენ ეს განცდა არ გვაქვს. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც აბსურდულობაზე ვსაუბრობთ, ამ სარჩელის დასაბუთებულობაზე ვსაუბრობთ, სამართლებრივი აბსურდია, რასაც გვედავებიან. ანტიკონსტიტუციურობას გვედავებიან, როდესაც ჩვენმა პარტიამ ყველა კონსტიტუციურ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გასულ წელს, არჩევნებში, სადაც თავად „ოცნებას“ არ აწყობდა ოპოზიციის მონაწილეობა და ცალკეული პარტიებიც გაემიჯნნენ. ვინაიდან პატივს ვცემთ სახელმწიფოს, კონსტიტუციას, მივიღეთ მონაწილეობა ყველა კონსტიტუციურ პროცესში. მათი ბრალდებები, რომ ჩვენ არაკონსტიტუციურები ვართ აბსურდულია!

თვეების წინ, როდესაც ეს პროცესი დაიწყეს, არ გამოვრიცხავდით რომ ჩვენი პარტიაც დამატებულიყო. „ქართული ოცნების“ ქმედებაში ლოგიკა: „ეს სამართლებრივად შეიძლება არ მოხდეს“, არ არსებობს. ეს პროცესი სუბიექტების გაუქმებასთან ერთად მიმართულია განსხვავებული აზრის გაუქმებისკენ. განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვთ ყველგან, მათ შორის პარლამენტში. არ არსებობს საერთაშორისო დონეზე პრაქტიკა, განსაკუთრებით საპარლამენტო პარტიის აკრძალვა, რომელიც კონსტიტუციურად მოქმედებ. ჩვენი მოლოდინია, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს პარტიების აკრძალვა. დაველოდოთ, დროის ამბავია, როგორ ჩაივლის პროცესები. როდესაც დადგება ჩვენი პარტიის აკრძალვის შედეგი, მივიღებთ გადაწყვეტილებას მანდატების დატოვებაზე. თუ პარტია აიკრძალება, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიული მანდატებით საპარლამენტო საქმიანობის შესაძლებლობა ამოწურული იქნება. როგორ წარმოუდგენია ეს „ქართულ ოცნებას“, არაა ჩვენთვის საინტერესო, ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ. როდესაც დადგება ჩვენი პარტიის გაუქმება დღის წესრიგში, მოგვიწევს ახალი დღის წესრიგით ვიყოთ წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, არ ვისაუბრებ წინასწარ“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება სარჩელის შინაარსს, როგორც ფარულავამ განმარტა, დღემდე უცნობი რჩება მათთვის, კონკრეტულად კონსტიტუციის რა ნაწილის დარღვევას ედავებიან. გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ გამოხმაურებებიც შეაფასა, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პარტიები, რომელთა აკრძალვასაც ხელისუფლება ითხოვს „ანტიკონსტიტუციური ძალები არიან, რომლებიც გარე ძალების აგენტურას წარმოადგენენ“. ფარულავას თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ არ არის არც სხვა ოპოზიციური პარტიის ნაწილი და არც უცხო ქვეყნის აგენტი.

„პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ამ ფრაზებს არ იტყოდა, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ ქვეყანაში, უცხო ქვეყნის აგენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი არ უნდა ჰქონდეთ, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დგებოდეს. ჩვენ წარმომადგენლებს ექნებათ დრო, რომ უპასუხონ ამ აბსურდულ ბრალდებებს. რაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ და საპირისპირო ამტკიცოს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არ ვართ არც სხვა ოპოზიციური პარტიის ნაწილი და არც უცხო ქვეყნის აგენტები. თუ ვინმეა ამ ქვეყნის მტერი, გარე ძალების მართული, თავად „ქართული ოცნების“ გუნდში არიან. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რა პროცესებსაც მიმართავენ, იმის შედეგად არ გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირი, ევროინტეგრაცია შეფერხებულია, ერთადერთი, ვისგანაც მათი პოლიტიკა დადებით შეფასებას იმსახურებს, კრემლია და მოსკოვი. საზოგადოება კარგად მიხვდება, რასაც თვალს ვადევნებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

გარდა ამისა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ველს ასუფთავებს იმ კონკრეტული პარტიებისთვის, ვინც, „სამწუხაროდ დღესაც არიან მათ შორის პარლამენტში და პარლამენტს გარეთ“.

„ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, თითქოს ეს პროცესები გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს. ვერც „ნეიტრალური საქართველო“ და ვერც მისი მსგავსი „ოცნების“ მიერ შექმნილი და დაფინანსებული პარტიები პოლიტიკურ პროცესებს ვერ გააჯანსაღებს. ქვეყანას სჭირდება პროდასავლური ძალები“, - განმარტა ფარულავამ.

მან ამასთან, მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც გიგა ფარულავამ განმარტა, „მშვიდობიანი პროტესტი არის ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ისეთი ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც „ქართული ოცნებაა“.

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია ხალხის ძალის, მშვიდობიანი პროტესტის. რაც უფრო მძლავრი, მშვიდობიანი პროტესტი იქნება, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება გაიმყაროს პოზიციები მმართველობით ვერტიკალში. ხალხის სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს და შედეგს აუცილებლად ნახავს“,- აღნიშნა ფარულავამ.