ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი

ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები, ევროკომისიის მხრიდან შესაბამის სამინისტროებთან არანაირი კომუნიკაცია არ არის.
მახაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია დიალოგი, მათ შორის ექსპერტების დონეზე იმისთვის, რომ სრულად გაიცვალოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ერთი წლის განმავლობაში სექტორული მიმართულებებით, განათლებიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული.
„მე ამ ანგარიშში, წინა წლის ანგარიშთან შედარებით, არაფერს განსაკუთრებულს, ან სიახლეს არ ველი. კომისიის ყოველწლიური ანგარიშები, როგორც წესი, ეფუძნება მიმდინარე წლის განმავლობაში კომისიასა და კანდიდატ ქვეყანას შორის ინფორმაციების ურთიერთგაცვლას, კომისია ასახავს ხოლმე ამა თუ იმ კანონმდებლობას - სად რა არის და ა.შ. ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები, ევროკომისიის მხრიდან შესაბამის სამინისტროებთან, შესაბამის ექსპერტებთან არანაირი კომუნიკაცია არ არის. იცით რომ ფორმატებიც გაყინულია, სადაც უშუალოდ განიხილებოდა ხოლმე ეს საკითხი. ამიტომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, მე ახალს არაფერს ველოდები. ერთი, რაზეც იქნება საუბარი წინა ანგარიშის მსგავსად, ეს იქნება პოლიტიკური საკითხები. თავად ევროკომისიამაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აპირებენ შეფასების გაკეთებას, არ ჩადიან სიღრმეებში, სექტორულ ნაწილებში და ვერ ჩავლენ, იმიტომ რომ, ეს ურთიერთობები არის გაყინული," - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

























