პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებას ეხება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.
ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.
2-დღიანი განხილვის პროცესში პროექტი დაკორექტირდა - კერძოდ, გადაწყდა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, კანონის პროექტის პირვანდელი ვერსიიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
პროექტის თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონი ლარს აღემატება, ის კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება ექნება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.
ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20 პროცენტით დაიბეგრება. ამასთან, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 ლარს აღემატება.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა 50 000 ლარია.

























