ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. ასევე, მოითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე. ამის შესახებ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

ნინო აბრამიშვილის თქმით, ის მიმართავს ხელისუფლებას, რომ უპასუხონ მის კითხვას, ვინ სცემა მისი შვილი.

„ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ პირველ რიგში, კარგად გაითავისოს მთავრობამ, რა მოხდა ციხეში, რა მოუვიდა ჩვენს ოჯახს, მე მგონი, ეს არ აქვთ გათავისებული იმიტომ, რომ არცერთმა პირმა, ვისაც ეკუთვნის, არცერთი სიტყვა არ თქვა. დღემდე თავის ადგილზე რჩება ციხის უფროსი. კანონით, როცა ასეთი რაღაც ხდება ციხეში, პირველ რიგში ხსნიან ციხის უფროსს და მერე ციხეების უფროსს. აქ, რატომღაც ყველაფერი სხვანაირად მიდის. ვიმეორებ, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, როცა ახალაია, მეგის ქარდავა, „მუხა“, „კილერა“ და ა.შ. სჩადიოდნენ ასეთ სასტიკ დანაშაულს, ახლა ხდება ის, რომ სათავეში დგას ციხეების უფროსი ფირცხალავა, თვითონ ციხის უფროსი მონაწილეობას იღებს ამ საზარელ ცემაში.

ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას 143-ე მუხლით, ეს არის ჯგუფური ძალადობა. ეს მოძალადეები ყველა უნდა იყვნენ დაჭერილები“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, მისი შვილების წინააღმდეგ „სპექტაკლი დაიდგა“.

„ეს წამება და სპექტაკლის დადგმა დაიწყო 22 სექტემბერს. 23 სექტემბერს, როცა სუს-ის რომელიღაცა თანამშრომელმა, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, დარეკა ორგანოებში უბრძანა, რომ ჩემი შვილები დაეჭირათ. ჩემი შვილები ტერორისტები არ იყვნენ. ეს დადგმული სპექტაკლი აქედან დაიწყო. შემდეგ უკვე მოხდა მუხლის დამძიმება, შემდეგ ვატო ყიფიანის და მისი „შაიკის" გამოჩენა. ამიტომ, მე ძალიან ვთხოვ მთავრობას - ეს არის პრეცედენტი, რომელსაც თქვენ ვერ დაფარავთ. როგორც იტყვიან, ეს უკვე აგორდა და არ გაჩერდება. მოგიწოდებთ, დროულად მოიხსნას და დაპატიმრებული იყოს ყველა ის პირი, [ვინც საჭიროა] და ჯგუფურად მიეცნენ პასუხისგებაში. მთელმა მოსახლეობამ უნდა ვნახოთ, როგორ დაიჭერთ და დასჯით მათ. ის, რომ განცხადება დაწეროს და წავიდეს თანამდებობიდან, არ გამოვა. ეს არის სახელმწიფო დანაშაული და ამიტომ, სამაგალითოდ დასჯას ვითხოვ. ამას ვითხოვ იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილები არიან, არა, არამედ იმიტომ, რომ უნდა იყოს დაცული ყველა დედა და პატიმარი. არავის აქვს უფლება, რომ პატიმარს, როგორც პირუტყვს ისე მოექცეს. მე ამის უფლებას არ მოგცემთ და თქვენგან ველი პასუხს. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თქვენ ვალდებულები ხართ პასუხი გამცეთ, ვინ სცემა ჩემი შვილი?! ის არ გავგზავნე მე პურზე და ბაზარში. ის თქვენთან იყო, თქვენ დაიჭირეთ და თქვენ დაწესებულებაში მოხვდა. თქვენ უნდა აგოთ პასუხი.

ის მთავრობა იმიტომ გავაცილეთ, რომ მან ციხეებში ჩაიდინა ასეთი რაღაც და ჩვენ, ახლა, ვეღარ ვაპატიებთ ვერავის. ჩვენ შვილებს რომ ეძახით ხმამაღლა კრიმინალს, რატომ არ უნდა დაუძახოთ ეს იმავე ციხის უფროსს, ფირცხალავას, რატომ არ არის პატარიძე კრიმინალი, რითია განსხვავება. მას სამხრეები აქვს, მეტი მოთხოვნა აქვს. თქვენ მფარველობთ, გამოიღვიძეთ, ეს საქმე ყველასთვის ცუდად დამთავრდება“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე ნინო აბრამიშვილი, მის ყოფილ რძალ ანო ანანიაშვილთან ერთად დაიბარეს. ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს ანო ანანიაშვილი პასუხობს.