ალექსანდერ კვაშნევსკი - ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ

ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ, - ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარემ ალექსანდერ კვაშნევსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, შეხვედრა საინტერესო იყო და მასზე განსაკუთრებული ყურადღება ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი და დაბალანსებული მიდგომების შემუშავებას დაეთმო.
მისივე თქმით, კომისიის მიზანია ნარკოტიკებით ვაჭრობისა და წარმოების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხარდაჭერა.
„ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს პრეზიდენტის ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტიანი იქნება", - განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკიმ.
კვაშნევსკის განცხადებით, კომისიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ნარკოპოლიტიკის სფეროში ეფექტიანი მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში ოჯახური კავშირებისა და განათლების მნიშვნელობაზე. კვაშნევსკის შეფასებით, ეს საკითხისადმი მნიშვნელოვანი და საქმიანი მიდგომაა.
ალექსანდერ კვაშნევსკისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

























