თაზო დათუნაშვილი ელენე ხოშტარიაზე - რაც დღეს ვიხილე, ეს ადამიანის წამება და მისი ფიზიკური ხელყოფის მცდელობაა - ელენეს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, როგორც პარტიების გაუქმების მცდელობა, „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს

რაც დღეს ვიხილე, ნამდვილად ძალიან მძიმეა, ეს არის ადამიანის წამება და განადგურების მცდელობა, მისი ფიზიკური ხელყოფის მცდელობა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში გადაყვანის კადრებს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას „ფიზიკური განადგურების მცდელობა“ „ქართული ოცნების“ სისუსტეზე მეტყველებს.
„ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში იყო დამნაშავე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდა, პროცესის თანამონაწილეა თუ გამმართლებელია ან ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, რასაც ჰქვია ელენე ხოშტარიას ფიზიკური განადგურება, ყველა ეს ადამიანი დაისჯება კანონის წინაშე, ოღონდ სწორად აგებენ პასუხს და სწორად მოიხდიან სასჯელს.
ელენეს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, მისი ფიზიკური განადგურების მცდელობა, „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს, როგორც პარტიების გაუქმების მცდელობა. არცერთ ეტაპზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდა, პარტიების გაუქმებასა და მისი ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე არ უფიქრია. ეს სახალხო მხარდაჭერა რომ არ არის, იმიტომაა, რომ ელენე ხოშტარიას პერსონალურად ებრძვის და ანადგურებს ძალიან სასაცილო მიზეზით, ბანერზე წარწერის გაკეთების გამო. ის, ვინც ამას ამართლებს ან ამბობს, რომ ხომ იცოდა, მაინც დაიჭერდნენ, ის არარაობაა. დღეს „ქართული ოცნების“ წევრების და მხარდამჭერების პასუხი იყო, რომ ხომ იცოდა, დაიჭერდნენ, მაგ სიმართლით გატაროთ მთელი თქვენი ცხოვრება და შთამომავლობა, რომ იცოდეთ, დაგიჭერენ ბანერზე წარწერის გამო. მაგ სიმართლით იარეთ მთელი შთამომავლობა, ვინც მაგას ამბობთ. ამისთვის აუცილებლად დაისჯებით, საზოგადოება დაგსჯით, კანონი დაგსჯით, ისტორია განგსჯით, საკუთარი შვილები განგსჯიან მაგ ნათქვამის გამო“, -განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესს, თაზო დათუნაშვილის თქმით, ჩვენ თვალს ვადევნებთ სახელმწიფოს გადატრიალების, საკონსტიტუციო გადატრიალების პროცესს.
„ამ გამოსვლების მთელი შინაარსი და არსი, მთავარი ფაბულა იდო იმაში, რომ ჩვენ თვალყურს არ ვადევნებთ კონკრეტული პარტიების წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივ წარმოებას, არამედ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სახელმწიფო გადატრიალებას, საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც არ ხდება ისე, როგორც ამ მეორე გადატრიალების ავტორები თავის დროზე პუტჩს ედგნენ სათავეში, მათ შორის თენგიზ შარმანაშვილი პუტჩისტი იყო და გადატრიალების მხარეს დადგა თავის დროზე და სხვები, „ქართულ ოცნებაში“ მრავლად არიან, ლეგიონია მათი სახელი. ბადრი ჯაფარიძემაც, გიორგი სიორიძემაც და თორნიკე ართქმელაძემაც ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო გადატრიალება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, დამკვიდრება ერთპარტიული მმართველობითი მოდელის.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ის ფორმა არასდროს მიუღია ხელისუფლების მოდელს საქართველოში, რა ფორმასაც ახლა „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. ეს არის პირდაპირ სულში ჩაფურთხება ქართული სახელმწიფოს იდეისთვის. თუ რამეა ანტიკონსტიტუციური მთელს ამ პროცესში, ანტიკონსტიტუციურია წესწყობილების შეცვლა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი ოპოზიციური სივრცე იკრძალება ერთპარტიული სისტემით ჩასანაცვლებლად. ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, რომელიც ხელს აწერს სარჩელს, სამშობლოს ღალატობს.
„ქართული ოცნება“ დიდი ხანია აღარ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთასა და ინტერესებს, ის ემსახურება ჩვენი მტერი, რუსული სახელმწიფოს ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“, სისხლიანი ცხრა წელი, მოდი ახლა ამაში ამოვთხვრი „ძლიერ საქართველოსაც“, გახარიასაც და ამ ჯოჯოხეთს უკან კიდევ ამოაფარო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ ხარისხში, უმაღლეს დონეზე დააკანონებს იმ ფორმულირებას, რომელსაც უკვე 15 წელია ავითარებს რუსეთის ფედერაცია, რომ საქართველომ მოახდინა რუსეთის აგრესიის პროვოცირება, მსხვერპლი იყო დამნაშავე იმაში, რომ აგრესორი შემოიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე და დახოცა საქართველოს მოქალაქეები. ეს ფორმულირება არის ქართული სახელმწიფოსთვის საშიში და სამშობლოს ღალატი, რომელიც მომავალში აუცილებლად გასამართლდება. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, რომელიც ხელს აწერს სარჩელს, უკლებლივ ყველა ბიძინა ივანიშვილმა ამოთხვარა საქართველოს მოქალაქეების სისხლში. ეს იქნება მარიამ ლაშხი, გამოცდილი პუტჩისტი და მოღალატე თენგიზ შარმანაშვილი თუ სხვა, აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს, რომ ღალატს აწერს ხელს, როდესაც ხელს აწერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც ითხოვს, რომ დაკანონდეს ფორმულირება - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებმა 2003-2008 წლის ჩათვლით მოახდინა პროვოცირება რუსეთის აგრესიისა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს დოკუმენტი და ის ოთხმოცამდე გვამი, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს აწერს, სამშობლოს ღალატობს ერთი ხელმოწერით“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

























