საზოგადოებრივმა გაერთიანებამ - „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას რეაბილიტაციის შედეგად განახლებული ისტორიული სივრცეები წარუდგინა

,კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ! დღეს ჩვენ ყველა ერთად, ხულუტის ახალ ისტორიას ვწერთ, - ამ სიტყვებით მიმართა მოძრაობა ,,კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ საზოგადოებას ღონისძიებაზე, რომელიც ხულუტის ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საუკუნეებს გამოვლილი ხულუტის ციხე-დარბაზი ჩატარებული სამუშაოების წყალობით პირვანდელ ისტორიულ იერსახეს იბრუნებს.
„საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად განახლებული ისტორიული სივრცეები წარუდგინა.
განახლებული რეზერვუარი, დაცული მარანი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ძეგლის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის.
შედეგად, ციხე-დარბაზი კვლავ მზადაა, ვიზიტორებს უმასპინძლოს და ჩვენი ქვეყნის წარსული კიდევ ერთხელ გააცნოს.
ღონისძიება წარმოუდგენლად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მსახიობმა ზვიად დოლიძემ სტუმრებს ლადო ასათიანის უკვდავი ლექსები წაუკითხა, ხოლო საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
,,ეს იყო მომენტი, რომელმაც მთელი სიმაგრე მოიცვა და თითქოს რეალურად გააცოცხლა მე-17 საუკუნის ისტორია. ხმლების ჟრიალმა, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ავთენტურმა შესამოსელმა და სანახაობამ სტუმრები წარსულში გადაიყვანა — თითქოს ყველამ ერთად ვიმოგზაურეთ საუკუნეების მიღმა“, - აღნიშნა მსახიობმა ზვიად დოლიძემ.
ინფორმაციის თანახმადვე, ისტორიის ძეგლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით 2021-2023 წლებში დაიწყო და რესტავრაციას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები.
სივრცე გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ციხე-დარბაზამდე მისასვლელი უსაფრთხო და კომფორტული ბილიკი, რამაც ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის გაცილებით მარტივი გახადა.
„ჩვენი აქტივობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დაუბრუნოთ, არამედ ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ.“ - აღნიშნა „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ.

























