შალვა კერესელიძე - საკონსტიტუციო სარჩელი იმაზე მიანიშნებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ღია გზავნილი, რომ 2028 წელსაც არ აპირებს ხელისუფლების დატოვებას, რისთვისაც ის მზად არის, გამოიყენოს ბრძოლის ყველანაირი, მიღებული თუ მიუღებელი მეთოდები

საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სარჩელი იმაზე მიანიშნებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ღია გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ 2028 წელსაც არ აპირებს ხელისუფლების დატოვებას, რისთვისაც ის მზად არის გამოიყენოს ბრძოლის ყველანაირი, მიღებული თუ მიუღებელი მეთოდები, - ამის შესახებ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში", „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ 2028 წლისთვის საქართველოში პოლიტიკური ველი ჰქონდეს მთლიანად მოსუფთავებული და ქართველი ამომრჩევლების წინაშე წარსდგეს, როგორც უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ან ჰყავდეს მის მიერ მართული პოლიტიკური პარტიები.
„როდესაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზეა საქმე, ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ამას არ უნდა აკეთებდეს, ამას უნდა აკეთებდეს საზოგადოება არჩევნების დროს. ერთი მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მეორე მხრივ სარჩელი მოამზადა და სასამართლოში შეიტანა იმისთვის, რომ პარტიები აკრძალონ. ანუ რას ნიშნავს ეს, იმდენად ეშინია ამ ოპოზიციური პარტიების, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ხედავს სერიოზულ რისკებს, საფრთხეებს, რომ თუ იარსებებენ ეს პარტიები, მას რეალურად ხელისუფლების დათმობა მოუწევს.“- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
შალვა კერესელიძის თქმით, არ არსებობს არანაირი ლოგიკა, რომ ის ბრალდებები, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მისამართით არის სარჩელში წარმოდგენილი, არგუმენტირებულია.
„როდესაც ჩვენმა წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ არაერთხელ დაუსვა შეკითხვა, თუ რაში ედებოდა ბრალი ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, ვერც „ოცნების" წარმომადგენლებმა და ვერც მოსამართლეებმა ვერ თქვეს ჯეროვანი და დამაჯერებელი არგუმენტი.
როდესაც შევდივართ კონკრეტულ ბრალდებებზე დისკუსიაში და ვეკითხებით, რა არის არგუმენტირებული, მერე ყველაფერი არის ზოგადი და ბუნდოვანი. ეტყობა, რომ მოსამართლეები არიან მიკერძოებულები და ისინი ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას და დავალებას. ვფიქრობ რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს სასამართლო პროცესები , სასამართლო გადაწყვეტილებაც პრაქტიკულად დაწერილია, ამას სჭირდება უბრალოდ ოფიციალურად გაფორმება, ამ პროცედურული ნაწილის და სხდომების ჩატარება“- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
შალვა კერესელიძის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს, ხოლო რაც შეეხება პროცესებში მონაწილეობას, ამით კერესელიძის განმარტებით პატივი სცეს ამომრჩეველს და კანონს. მისივე თქმით, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სტრასბურგში ბრძოლის გაგრძელებისთვის აუცილებელიც კი იყო.
„ჩვენ ამ სასამართლო პროცესში მაინც შევედით იმიტომ, რომ პატივი ვეცით ჩვენს ამომრჩეველს, პატივი ვეცით კანონს მომავალი ბრძოლის გაგრძელებისთვის. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, მათ შორის სამართლებრივი ფორმებით, სტრასბურგის სასამართლოშიც, რისთვისაც ამ პროცესში მონაწილეობა აუცილებელიც კი იყო. ამიტომ რაც შეეხება მანდატების დატოვებას, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ მოქმედებას.“- აღნიშნა შალვა კერესელიძემ .
გარდა ამისა, შალვა კერესელიძემ, პარლამენტში ტარიფებთან დაკავშირებული კანონების სწრაფი წესით განხილვაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, წყალზე და გაზზე გადასახადი ერთნაირად გაეზრდებათ გაჭირვებაში მყოფ , სოციალურ დაუცველ და მაღალშემოსავლიან ფენებსაც.
„თავს იწონებენ, რომ მოქალაქეებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაუზარდეს, საჯარო სამსახურებში ხელფასები 8%-ით ან 10%-ით იზრდება, სამაგიეროდ ორმაგად აცლიან ამ მომატებულ პენსიას და ხელფასებს.
„ქართული ოცნების" ლოგიკა იყო, რომ სწორებას აკეთებდნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რაც აბსოლუტურად არასწორია, ამ გადაწყვეტილებით სოციალურად დუხჭირ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებასაც, საშუალო ფენასაც და მაღალშემოსავლიან ფენასაც გაუძვირდება დენიც და გაზიც, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთ ოჯახები, რომლებიც დასაქმებულები არიან, დაბალი ანაზღაურება აქვთ და თვიდან თვემდე ხარჯებს ვერ აუდიან.
მრავალშვილიანი ოჯახი წყალსაც, დენსაც და ბუნებრივ აირს მეტს მოიხმარს, უნდა დაბეგრო ? ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ოჯახები წაახალისო? საქართველოში ძალიან ბევრი მაღალმთიანი დასახლებაა და კლიმატიდან გამომდინარე ოჯახი რომ გათბეს ბევრად მეტი ბუნებრივი აირი სჭირდება. რამდენიმე რეგიონში კი არის შეღავათები, მაგრამ სხვაგან სადაც არ არის, რა ქნან? დატოვონ სახლები? ამას გარდა მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი, რამდენი მუნიციპალიტეტია, რამდენი ქალაქია და რამდენი სოფელი, სადაც მრიცხველი არ აყენია, სულადობრივად მოახდენ დაბეგვრას და გაუსამმაგებ გადასახადს თუ როგორი პრინციპით აპირებ ამ ყველაფერს. ეს მოუმზადებელი და არასწორი გათვლაა.“- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
რაც შეეხება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონს, შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ ტურიზმს სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება, თუმცა არა ამ გზით. მისი თქმით, სახელმწიფომ მოქალაქეებს უნდა შეუწყოს ხელი იმ მიმართულებით და იმ ბიზნესების შექმნაში, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ იქნება ტურიზმთან დაკავშირებული და ადგილობრივს დაასაქმებს.
„როცა შენ ამის გაკეთება არ გინდა და მიდიხარ და მსოფლიო დონის „იგროკები“ ჩამოგყავს საქართველოში და აქ უნდა ათამაშო და „აყომარო“ იმის გულისთვის, რომ ისინი ვითომ სასტუმროში დარჩებიან, საჭმელს შეჭამენ და ფულს დახარჯავენ, ეს კატასტროფა და საშინელებაა. საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც თამაშდამოკიდებულების გამო ოჯახები იღუპებიან და იხლიჩებიან, ამ დროს შენ ამ ბიზნესს გადასახადებისგან ათავისუფლებ და სასათბურე პირობებს უქმნი. ეგრე საქართველოში ნარკოფესტივალი რომ ჩაატარო, ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა.
საპატრიარქოს ამ საკითხზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება, და ვფიქრობ ასეთი საკითხები საპატრიარქოსთან ერთად უნდა განიხილებოდეს და არა დაჩქარებული წესით“,- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
კითხვაზე უკავშირდება თუ არა ამ კანონის საჩქარო წესით გატანა ვინმეს ბიზნეს ინტერესებს კერესელიძე პასუხობს რომ კი, თუმცა მისივე თქმით, აქ ერთ კაცის ინტერესი არ იქნება და ამაში ჩართულები არიან, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან და ქართული ოცნებიდანაც.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული პირების, იმ კლანის წარმომადგენლების ვინც უშუალოდ ამ ბიზნესით იღებენ შემოსავალს, ეს არის ბიზნესი, რომელიც ყველაზე დიდ მოგებაზე გადის, ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ტურიზმს მიეხმაროს, სრულ იგნორირებას უკეთებს მას და სწორებას აკეთებს მეორე უკიდურესობაზე, რომელიც ქვეყნისთვის ზიანის და ზარალის მომტანია,
აქ ერთ კაცის ინტერესი არ იქნება, აქ იქნება კლანური გავლენების ინტერესი, ვითომ გამოაცხადეს კორუფციასთან ბრძოლა, როდესაც დაიჭირეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, მაგრამ ის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა კი არა, იყო კლანური გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლა.
„საქართველოში სამწუხაროდ ყველა შტოში, როგორც საშუალო, ასევე ზედა და ქვედა დონეზე კორუფცია „გაპრავდა. ამ კანონთან დაკავშირებით პირდაპირი დავალება მიიღეს და აქ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ასევე პარლამენტიდან და „ოცნების“ გუნდიდანაც"- აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

























