„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თსსუ-ისა და ალტეს პარტნიორობით პირველი საერთაშორისო კონფერენცია AIMCare 2026 გაიმართა

„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თსსუ-ისა და ალტეს პარტნიორობით პირველი საერთაშორისო კონფერენცია AIMCare 2026 გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 29–30 ოქტომბერს, თბილისში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართა.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა ათი ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა და შექმნა ინტერდისციპლინური სივრცე მედიცინის, მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხებზე მსჯელობისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები - საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იორდანიიდან.

კონფერეციას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ხელოვნური ინტელექტი - თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები და გამოწვევები

ორდღიანი კონფერენციის მიმდინარეობისას მონაწილეებმა კომპლექსურად განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ინტერვენციებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებს სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირება-მართვაში.

სამეცნიერო დისკუსიების ფარგლებში შეფასდა დარგობრივი ინოვაციები და ჯანდაცვის სექტორის განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებულ ეთიკურ, სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებს, მონაცემთა უსაფრთხოებასა და დაცვას, ტექნოლოგიების სანდოობასა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის როლის და პასუხისმგებლობის შენარჩუნებას. სამეცნიერო დისკუსიებმა წარმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს არ უკავშირდება - იგი მოითხოვს მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას, აკადემიურ ჩართულობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.

კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენასა და ამ პროცესში აკადემიური საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე:

„ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში და რადიკალურად ცვლის ჩვენ მიდგომებს სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით სამედიცინო დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური სფეროს აქტიური ჩართულობა, რათა სათანადოდ შევაფასოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ეფექტიანად გამოვიყენოთ ისინი.

ის ფაქტი, რომ კონფერენციის ფარგლებში ორი უნივერსიტეტი იწყებს ასეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ერთობლივად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ჩვენი განათლების სისტემისთვის. ასევე, ეს არის გზავნილი და საფუძველი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტის განხორციელების მომსწრენი გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს განათლების, ისე ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კონფერენციის მნიშვნელობა განათლებისა და მეცნიერების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებსა და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას დაუკავშირა:

„განათლებისა და მეცნიერების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა, რომელშიც ცოდნა, სამეცნიერო კვლევა და ინოვაცია ქვეყნის მდგრადი და სწრაფი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს, როგორც ახალი ცოდნის შექმნის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, მათი პრაქტიკაში დანერგვისა და რეალურ საჭიროებებთან დაკავშირების მნიშვნელოვან ცენტრებს.

ეს კონფერენცია თანამედროვე გამოწვევებს ეხმიანება და აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა სამედიცინო განათლება, სამეცნიერო კვლევა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მედიცინაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება, ასევე ჩვენი გამოცდილებისა და ხედვების წარდგენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვებისა და პოზიციების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში და აქტიურად მონაწილეობდეს გლობალურ პროცესებში“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა როგორც უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის აკადემიურ ღირებულებას, ისე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული რისკების გააზრების აუცილებლობას:

„მართლაც, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი ორი უნივერსიტეტია. ამგვარი თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალის მექანიკურ გაერთიანებას ან მის უბრალო დაჯამებას. ეს გაცილებით მეტია - ორი უნივერსიტეტის აკადემიური გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების სინთეზი, რომელიც ქმნის ახალ პერსპექტივებს სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევებისთვის.

კონფერენციის განსაკუთრებულობას, მეორე მხრივ, მისი კვლევის საგანიც განაპირობებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვსაუბრობ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც, ერთი მხრივ, თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებითა და განვითარების პერსპექტივებით განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დანერგვისა და გამოყენების პროცესში წარმოშობს გარკვეულ რისკებსა და გამოწვევებს, რომელთა სათანადო გააზრება, შეფასება და გათვალისწინება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას თან ახლდეს პასუხისმგებლიანი მიდგომა, აკადემიური მსჯელობა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“.

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ მომავალი თაობის ექიმების მომზადებაში ხელოვნური ინტელექტის ცოდნისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების უნარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ალტე უნივერსიტეტის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს, მომავალ ექიმებს, მივცეთ შესაძლებლობა, შეიძინონ ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებაში დაეხმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ ინიციატივებს, გახდება ახალი პროექტების განხორციელების, საინტერესო იდეების გენერირებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაწყების მნიშვნელოვანი პლატფორმა“.

საერთაშორისო თანამშრომლობა და სამედიცინო ინოვაციების პერსპექტივები

ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო კვლევის, განათლების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ჯანდაცვის პროცესების მართვაზე. ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვა. სწორედ ეს იყო AIMCare 2026-ის მიზანი.

კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის პროცესზე და იმ პირობებზე, რომლებიც აუცილებელია ტექნოლოგიური შესაძლებლობების პაციენტებისთვის რეალურ სარგებლად გარდასაქმნელად.

ლუდვიკ კრისტიან ჰინსკეს, ციფრული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორისა და კონფერენციის მომხსენებლის შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრები აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში დანერგვის პროცესის უკეთ გასააზრებლად:

„ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციების ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობაა, რათა უკეთ გავიაზროთ, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმატებით დაინერგოს კლინიკებში და პაციენტებს მოუტანოს ყველა ის სარგებელი, რომლის მიღების შესაძლებლობასაც ეს ტექნოლოგია გვპირდება“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში უსაფრთხო და ეფექტიანი დანერგვის შესახებ დისკუსიის განვითარებას.