Politico - დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ლიეტუვაზე, რათა მან ბელარუსული სასუქის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს

Politico - დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ლიეტუვაზე, რათა მან ბელარუსული სასუქის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს

დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ლიეტუვაზე, რათა მან ბელარუსული სასუქის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ ცდილობს სასუქის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტთან - კალიუმთან - დაკავშირებით კანადაზე დამოკიდებულება შეამციროს და ხარჯები შეამციროს ამერიკელი ფერმერებისთვის.

ოთხი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენელი, ჯონ კოული ბოლო კვირების განმავლობაში ლიეტუველ დიპლომატებთან „ნიადაგს სინჯავდა“ ბელარუსიდან საქონლის ბლოკადის შემსუბუქებაზე, რაც ევროკავშირის სანქციების ნაწილია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. კერძოდ, ევროკავშირის სანქციები უკრძალავს ევროკავშირის პორტებს ბელარუსული საქონლის გადაზიდვას, თუმცა ეს ზომები ყოველ 12 თვეში ერთხელ უნდა გახანგრძლივდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიეტუვას, რომელიც 2027 წლის დასაწყისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს, თეორიულად შეეძლება ვეტოს დადება სანქციების მორიგ გახანგრძლივებაზე (რომელიც თებერვალშია დაგეგმილი), რითაც სანქციების მოქმედების ვადა ამოიწურება. თუმცა, ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა ევროკავშირში.

„ბოლო კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპის გუნდმა გაააქტიურა ლიეტუველებთან კონტაქტი“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ორი ოფიციალური პირის თქმით, კოული უკვე წელიწადზე მეტია ზეწოლას ახდენს ლიეტუვის მთავრობის ყველა დონეზე, მას შემდეგ, რაც ის პირველად ეწვია მინსკს.

„ისინი ზრდილობიანად ახდენენ ზეწოლას, მაგრამ ჩვენ ცხადად ვეუბნებით: „არა, ჯანდაბა“. თუ ამერიკელებს ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანა არ შეუძლიათ, მაშინ ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ოფიციალურმა პირმა.