კაია კალასი “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრებაზე - ქმნის რისკს, რომ ომის დანაშაულები ნორმად იქცეს

კაია კალასი “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრებაზე -  ქმნის რისკს, რომ ომის დანაშაულები ნორმად იქცეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრება ქმნის რისკს, რომ რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო ფორუმებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება.

Bloomberg Television-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კაია კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ლიდერის მიწვევა უამრავ სერიოზულ კითხვას აჩენს. მისი თქმით, ეს ქმნის იმის რისკს, რომ „ნორმად იქცეს ის ომის დანაშაულები, რომლებიც უკრაინაში ამჟამად ყოველდღიურად ხდება“.

კალასმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ატლანტაში გამართულ „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.

კალასის თქმით, ლავროვი „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე სულაც არ ყოფილა კონსტრუქციული და ამ კონტექსტში მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება.

კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთს მშვიდობა მართლა რომ სურდეს, უპირველეს ყოვლისა, შეწყვეტდა თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვს იმის დაჯერების საფუძველს მისცემს, თითქოს მათ შორის განხეთქილება ჩნდება. მისი თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ დრო მის მხარესაა და მოლაპარაკებებში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს, რადგან დასავლეთისგან დათმობებს ელოდება.