რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს

რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს

ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. ამავდროულად, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე, - ასე განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ საკუთარი გადაწყვეტილება, სხდომაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაბრუნების, ხოლო მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მეორე ნაწილი ნამდვილად აძლევს მხარეს იმის უფლებას, რომ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გაძევებული მხარის დაბრუნების თაობაზე. მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მან სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად დაარღვია წესრიგი, შესაძლებელია მას მიეცეს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ დაბრუნდეს და დაესწროს ამ პროცესს, წარმოადგინოს თავისი პარტია. ამის მოტივაციაა ის, რომ წარმომადგენელს მიეცეს შესაბამისი უფლება - მხარეს თავისი ტვირთი აქვს, უნდა დასვას შეკითხვები, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა. ის არის პარტიის თავმჯდომარე, თვითონ მხარე არის ვალდებული გაუფრთხილდეს მის უფლებას და მისი უფლების რეალიზაციაც სასამართლო სხდომაზე სწორედ წესრიგის დაცვით მოხდეს. ის, რომ მხარეს ამის უფლება აქვს, არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყველაფერი ითმინოს. ვინაიდან სხვა საკითხს არ უკავშირდება ბატონი გვარამიას გაძევება, გარდა წესრიგის დარღვევისა, მისცემს მას სასამართლო შანსს, რომ დაბრუნდეს და გააგრძელოს დასწრება სხდომაზე.

რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. მას, რომელიც 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, უნდა ესმოდეს ამდენი, უნდა ესმოდეს, ეს რა მძიმე განცხადება და შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად, სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90% უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ძირითადად ეს ქალბატონი დაკავებული იყო, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი, რატომ აირჩია ეს როლი ამ სხდომაზე, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია, მაგრამ ამავდროულად, მას შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დღეს ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილის პროცესიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. კოპალეიშვილისა და გვარამიას დარბაზიდან გაძევებას წინ უძღოდა კამათი და დაპირისპირება მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის. ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცეოდა. საბოლოოდ ნადარაიამ გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მწვავედ გააკრიტიკა მაია კოპალეიშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ გვარამიას გაძევების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დავალება და მიზანმიმართული ქმედება იყო. სასამართლომ კოპალეიშვილის განცხადებები შეურაცხმყოფლად შეაფასა და ისიც დარბაზიდან გააძევა.