არჩილ გორდულაძე - 1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება - ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც

არჩილ გორდულაძე - 1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება - ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც

1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და პირიქით, აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ არ შეუფასებია ომის დაწყების დეტალები, ოკუპანტი ქვეყანა სწორედ ამ რეზოლუციას იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.

„რაც არის ტალიავინის დასკვნაში და 1633-ე რეზოლუციაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. და მეორე მხრივ საკუთარ სამხედროებს დააბრალა და კითხვის ნიშანი გააჩინა, რომ მათ შესაძლებელია დარღვეული ჰქონდეთ ჰუმანიტარული სამართალი და ჩადენილი ჰქონდეთ ომის დანაშაულები. ამ ყველაფერს მათ მხარი დაუჭირეს. პოლიტიკური ძალა კითხვის ნიშანსაც რომ ტოვებს, რომ საკუთარ სამხედროებს შესაძლებელია ომის დანაშაული ჩაედინათ, ჩვენი გადმოსახედიდან, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის მთავარი დებულებების, მთავარი სულისკვეთების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა. მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ გავარკვიო, ომის დღეებში 12 აგვისტომდე პერიოდში, რა მოქმედებები ვითარდებოდა და ადამიანის უფლებებს ვინ არღვევდაო, მაგრამ ამ საქმის განხილვის დროს, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ამ 1633-ე რეზოლუციას იყენებდნენ მტკიცებულებად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ თითქოს საქართველომ დაარღვია ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, ჩაიდინა ომის დანაშაულები და მთავარი მტკიცებულება იყო 1633-ე რეზოლუცია. რომ არა ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ისეთი როგორიც არის „ისკანდერი“,რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ გამოიყენა საქართველოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს „ისკანდერი“ არ არსებობდა როგორც მტკიცებულება და იყო ქვეყნის გარეთ, საზღვარგარეთ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ქმედებები, ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა კასეტური ბომბის რუსეთის მხრიდან გამოყენება, უბრალოდ საქმეში არ არსებობდა“, - განაცხადა გორდულაძემ.