ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრიორიტეტი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაა ღირსეული მშვიდობის მიღწევით - ევროპა ნამდვილი დიპლომატიის ყველა ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს

აბუ-დაბიში მხარეებმა ევროპელების მონაწილეობით შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ აბუ-დაბიში აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებისა და ევროპის წარმომადგენლებთან კოორდინაციის შედეგები გააცნო.
„პირველ რიგში, მიღწეულია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება, ახალი გაცვლისთვის მზადების შესახებ. მეორე - მხარეებმა თავიანთი ხედვები განიხილეს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს. მესამე - განხილული იქნა ევროპელების მონაწილეობით შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვალ, დუბლინში შეხვდება.
„უკრაინის პრიორიტეტი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაა ღირსეული მშვიდობის მიღწევით. გვჯერა, რომ ევროპა ნამდვილი დიპლომატიის ყველა ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს. აუცილებელია, რომ აშშ-ს მტკიცე პოზიცია ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს ამ ომის წყაროზე - რუსეთზე - რათა, რუსეთმა მის მიერ წამოწყებული ომი დაასრულოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

























