ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საყოველთაო გაფიცვის დროს გამართული დემონსტრაციებისას, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, დედაქალაქ მადრიდში დემონსტრაციას დაახლოებით 120 000 ადამიანი შეუერთდა, ბარსელონაში კი - 50 000-ზე მეტი. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებენ ცეცხლს ნაგვის ურნებს ნიღბიანი პირები და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

ოთხშაბათს საღამოს ბარსელონას ცენტრში პოლიციის დიდი ძალები იყო მობილიზებული; სამართალდამცველებს ჩაფხუტები ეხურათ და სპეციალური ფარებით იყვნენ აღჭურვილები.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ ქუჩებში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანთა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა გაუშვა, ასევე გაძარცვეს მაღაზიები, მათ შორის, Lego-ს მაღაზია. გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომიტინგეები Apple Store-ში შეღწევას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ინციდენტის გამო ათობით ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ესპანეთში პროფკავშირებმა, საცხოვრებელ პირობებთან და ცხოვრების გაზრდილ ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საყოველთაო გაფიცვა დააორგანიზეს. ქვეყნის მასშტაბით სერიოზული შეფერხებები შეიქმნა ტრანსპორტისა და სხვა საჯარო სერვისების მუშაობაში.

29 ნოემბერს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.