ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობდა.
მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანის, მათ შორის ერთი ორსული ქალის, გამოყვანა შეძლეს.
ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის თქმით, შემთხვევას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10-ზე მეტი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის კომისრის, ლილიან ბონსინიორეს ცნობით, სულ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი 19-ს აღწევს, მათ შორის შვიდი ბავშვია.
ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის უფროსის ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, 1930 წელს აშენებული შენობის ჩამონგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

























