ვალერი ჩეჩელაშვილი - დაკავშირებადობის მინისტერიალზე მიწვევა მნიშვნელოვანი გზავნილია და დრამატული შეცდომა და დიპლომატიური ყეყეჩობაა, რომ ელჩს მასში მონაწილეობა ავუკრძალეთ - ასეთ შეხვედრებზე ყალიბდება საერთო თამაშის წესები!

ვალერი ჩეჩელაშვილი - დაკავშირებადობის მინისტერიალზე მიწვევა მნიშვნელოვანი გზავნილია და დრამატული შეცდომა და დიპლომატიური ყეყეჩობაა, რომ ელჩს მასში მონაწილეობა ავუკრძალეთ - ასეთ შეხვედრებზე ყალიბდება საერთო თამაშის წესები!

ვფიქრობ, დრამატული შეცდომაა, როდესაც ჩვენს ელჩს დაკავშირებადობის მინისტერიალში ავუკრძალეთ მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ დიპლომატიური ყეყეჩობა. რაც შეეხება ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე საქართველოს არმიწვევას, ახლა ჩვენი მონაწილეობა იქ ერთგვარ დისონანსსაც კი გამოიწვევდა, - ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო არ დაპატიჟეს გაფართოების ფორუმზე, მისთვის სრულებით გასაგებია, რადგანაც გაფართოების კონტექსტში, ახლა საქართველო ვერანაირად ვერ განიხილება, თუნდაც ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის მიხედვით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აღარ გააგრძელებს.

„თანაც, 2023 წელს, როდესაც მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იმის შემდეგ ძალიან სერიოზული უკუსვლა იყო, რის თაობაზეც ბევრი შეფასებაც იყო. ანუ ჩვენ ვცილდებით ევროკავშირს და ამ კონტექსტში, ახლა ჩვენი მონაწილეობა იქ ერთგვარ დისონანსსაც კი გამოიწვევდა იმ ფონზე, როდესაც დანარჩენი 8 კანდიდატი, წარმატებულად ცდილობს ურთიერთობები განავითაროს ევროკავშირთან და მას დაუახლოვდეს. ამიტომ ჩემთვის გაფართოების ფორუმზე არმიწვევა სრულებითაც არ იყო გასაკვირი. თანაც, ევროკავშირს არ უნდა პოლიტიკურ კონტექსტში მისცეს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობებს იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ კონტექსტს უბრალოდ ვერ ხედავს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს მიწვევას, თუნდაც ელჩის დონეზე, ჩეჩელაშვილის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან.

„მნიშვნელოვანი გზავნილია იმიტომ, რომ პირველი, კომუნიკაციის არხი რჩება და მეორე - საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ამ ახალი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა. მე ვფიქრობ, დრამატული შეცდომაა, როდესაც ჩვენ ელჩს ავუკრძალეთ იქ მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიური ყეყეჩობა მხოლოდ. ასეთ შეხვედრებზე ყალიბდება საერთო თამაშის წესები. შესაბამისად, ჩვენ ამ თამაშის წესებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და შემდგომ, ჩვენ მოგვიწევს ამ თამაშის წესების შესაბამისად საკუთარი პოლიტიკის აწყობა იმიტომ, რომ ეს თამაშის წესები დასავლეთიდან თუ ჩამოყალიბდა ერთიანობაში, ჩვენ მას ვეღარაფერს დავუპირისპირებთ და იძულებულნი ვიქნებით თამაშის ეს წესები მივიღოთ.

თუ მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაგვჩაგრავენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს გარეშე ჩამოყალიბებული თამაშის წესები ნაკლებად სასარგებლო შეიძლება გამოდგეს ჩვენთვის. ეს ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე დიპლომატიური და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, ამით აკნინებს [დიპლომატიურ სამსახურს]. ვეჭვობ, რომ დიპლომატები ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ბუნებრივია, დაემორჩილნენ. ჩვენს ელჩს შემდგომშიც შეეზღუდება ბრიუსელში შესაძლებლობები“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს, თუ ვინმეს ჰქონია ხელისუფლებაში, რომ დრამატული ნაბიჯებით და მკვეთრი განცხადებებით საქართველო ზემოქმედებას მოახდენს ევროკავშირის და მის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოზიციებზე, ეს დიპლომატიური მიამიტობაა.

„გასაგებია, რომ არ დაგვპატიჟეს პოლიტიკურ დონეზე იმიტომ, რომ ბოლო-ბოლო მათთვის ძალიან დისკომფორტულია საუბარი ადამიანებთან, რომლებიც ადარებენ ბრიუსელს მოსკოვს, ევროკავშირს საბჭოთა კავშირს და პოლიტიკური საუბარი ამ ტონში და კონტექსტში ვერანაირად შედგება“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე. მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მოხდება ძალიან მკვეთრი გაუარესება საქართველოს საერთაშორისო პოზიციების, განსაკუთრებით კი სწორედ ევროპელებსა და ამერიკელებთან მიმართებით. ჩეჩელაშვილის თქმით, ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ხდება, პრაქტიკულად, პოლიტიკური ველის სტერილიზაცია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზეც, მათ შორის „3+3“ ფორმატზე.

„მოსკოვში არს ქართველთა ჯგუფი, რომლებიც რუსულ თემას ავითარებს. ამ ჯგუფის წევრები არიან: ფარცხალაძე, ცეცხლაძე, ფიფია. იქ ჩამოაყალიბეს რაღაც, რუსთა და ქართველთა საზოგადოების მსგავსი და ამ საზოგადოების ჩამოყალიბებას ესწრებოდა დსთ-ს მე-4 დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გვარად გავრილოვი. იმ ადამიანებმა, ვინც ამ პლატფორმაზე საუბრობენ, ყურადღებით წაიკითხონ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კალუგინის გამონათქვამები. ის პირდაპირ ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ხუთი სახელმწიფოდან რუსეთს აქვს კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობების ურთიერთობები ოთხთან და ამ ოთხში გულისხმობს, აზერბაიჯანს, სომხეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, რუსეთის ეს პოზიცია, რომელიც საუბრობს ვითომდა „3+3“ ფორმატზე სინამდვილეში, აბსოლუტურად ყალბი პოზიციაა. სინამდვილეში, ეს ეფუძნება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ისინი საერთოდ გვერდზე დებენ და მერამდენე ჯერზე გვეუბნებიან, რომ არ იქნება გაწვეული ეს გადაწყვეტილება. მე აქ მინდა მქონდეს იმედი, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე იხელმძღვანელებს მისი კარგად ჩამოყალიბებული პრინციპული პოზიციით, როდესაც მან განაცხადა ძალიან ცალსახად, რომ ვიდრე არ იქნება გაწვეული ცნობა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებლობის შესახებ, ვერანაირი საუბარი რაღაც ურთიერთობებზე, პოლიტიკურ დიალოგზე და ურთიერთობების აღდგენაზე ვერ შედგება. მე იმედი, მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური თანმიმდევრულად დააფუძნებს საკუთარ მოლაპარაკებებს და პოზიციებს ამ ფუნდამენტურ პრინციპზე“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.