ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ისტორიაში პირველად სანქცირებული მოსამართლეები გვყავს და უფლება გვაქვს არ ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, რაზეც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მოუწოდა: „კორექტული იყავით, სახიფათო ზღვარია“

არის ეროვნული სასამართლოების მიღებული მთელი რიგი განაჩენები, რომელსაც ვაყენებთ ეჭვქვეშ - როდესაც საქართველო ისტორიაში პირველად სანქცირებული მოსამართლეები გვყავს, გვაქვს უფლება არ ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დღეს გადაწყვეტილებების სასამართლო არის ან თავისუფალი, ან სამართლიანი, ესეც ჩვენი უფლებაა , - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გოგა კიკილაშვილის შეკითხვას, როგორ შეაფასებდა მოპასუხე მხარე სარჩელში მითითებულ რიგ სასამართლო გადაწყვეტილებებს, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულს, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა ტიპის დანაშაულებზე, მათ შორის, არაადამიანურ მოპყრობასა და პატიმართა წამებაზე.
როგორც ანა წითლიძემ განმარტა, „არის მთელი რიგი საკითხების, სადაც შეიძლება კითხვები არ ჰქონდეთ და არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მიაჩნიათ, რომ არასამართლიანი და არასწორი გამოძიება იყო“.
„ერთია ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ აქაც ზოგადი მსჯელობა გამომივა - არის მთელი რიგი საკითხების, სადაც შეიძლება კითხვები არ გვქონდეს და რაღაცაში ვეთანხმებოდეთ და არის მთელი რიგი საკითხები, სადაც მიგვაჩნია, რომ არასამართლიანი და არასწორი გამოძიება იყო. ამიტომაც ასე ზოგადად, ამას ვერ შევაფასებთ. კი, არის მთელი რიგი განაჩენები, რომელსაც ვაყენებთ ეჭვქვეშ, ეროვნული სასამართლოების მიღებულს“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
პოლიტიკოსის ამ განცხადებას უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ აყენებს ეჭვქვეშ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, რაზეც ანა წითლიძემ უპასუხა, რომ იცის, თუმცა მისი უფლებაა არ ეთანხმებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ როდესაც საქართველო ისტორიაში პირველად სანქცირებული მოსამართლეები გვყავს, გვაქვს უფლება არ ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დღეს გადაწყვეტილებების სასამართლო არის ან თავისუფალი ან სამართლიანი, ესეც ჩვენი უფლებაა“,- განაცხადა წითლიძემ, რის გამოც მას ნადარაიამ კორექტულობისკენ მოუწოდა.
„კორექტული იყავით, ქალბატონო ანა, სახიფათო ზღვარია. ძალიან კარგად აყალიბებდით აზრს, სასამართლოს შეურაცხყოფის გარეშე“, - განაცხადა ნადარაიამ.

























