ევა გოცირიძესა და ლევან ბეჟაშვილს შორის პარტიული პასუხისმგებლობის საკითხზე კამათი იყო - ბეჟაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მის კითხვაში „პოლიტიკური მოტივაცია“ დაინახა

ევა გოცირიძესა და ლევან ბეჟაშვილს შორის პარტიული პასუხისმგებლობის საკითხზე კამათი იყო - ბეჟაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მის კითხვაში „პოლიტიკური მოტივაცია“ დაინახა

არ ვფიქრობ, რომ იურისტის და მოსამართლის კითხვაა, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ჩემი აზრით, პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივი კუთხიდან გამოსული კითხვა არ არის, უფრო მეტი პოლიტიკური მოტივაცია დავინახე. ეს ჩემი აღქმაა და შეიძლება ვცდებოდე კიდეც ამ აღქმაში, - ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვა.

მოსამართლე ევა გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საქმეში აღნიშნულ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჰკითხა უნდა “შეერაცხებოდეს” თუ არა ისინი “ნაციონალურ მოძრაობას”.

“ბუტა რობაქიძის მკვლელობის, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, ხუბულოვი, როინი შავაძის, ცინდელიანის და ქარდავას მკვლელობის საქმეები. ვალერი გელაშვილზე ძალადობის, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმეები. 15 ივნისის, ომის ვეტერანებზე ძალადობის, 26 მაისის, ყინწვისის ოპერაციის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, ევგენი და აფრასიძეების, 7 ნოემბრის და ლაფანყურის ოპერაციის საქმე. აი ამ საქმეებიდან, რომელთაგანაც ყველა ძალადობაა, ზოგიერთი მკვლელობის საქმის გარდა. ყველა ამ საქმეს, რამდენიმე მახასიათებელი აერთიანებს, 1. ის რომ, ისინი სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდანაა ჩადენილი. 2. არცერთი საქმის გამოძიება და მსჯავრდება დამნაშავისა, გარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმისა, თქვენი მმართველობის დროს არ მომხდარა და ყველა საქმეზე 2012 წლის შემდეგ დადგა განაჩენი. 3. ამას თან ახლავს ის, რომ ის ადამიანები, რომელთა სერიოზული წვლილი დადგინდა ამ მკვლელობებში პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულები არიან. ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს, დანაშაულია როდესაც სახელმწიფოს აგენტის მიერ ხდება დანაშაულის ჩადენა, მაშინ როდესაც ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. გამოუძიებლობა, როდესაც ყველა შემთხვევაში სახელმწიფოა დამნაშავე და კიდევ წახალისება ყოველივე ამის, როდესაც მკვლელების დაჯილდოება ხდება. ეს როგორ უნდა შეფასდეს, ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე, მმართველი პარტია არ არის დამნაშავე? ეს დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა შეერაცხოს “ნაციონალურ მოძრაობას”? - იკითხა ევა გოცირიძემ.

მოსამართლე ევა გოცირიძის ამ შეკითხვას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილისაგან კრიტიკა მოჰყვა.

“არ ვფიქრობ, რომ ეს იურისტის და მოსამართლის კითხვაა, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ეს, ჩემი აზრით, პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივი კუთხიდან გამოსული კითხვა არ არის, უფრო მეტი პოლიტიკური მოტივაცია დავინახე ამ კითხვაში. ეს ჩემი აღქმაა და შეიძლება ვცდებოდე კიდეც ამ აღქმაში.

ქალბატონო ევა დანაშაულის შერაცხვაზე ლაპარაკობთ სამართლებრივი ტერმინია ახლა ეს? თუ დანაშაული ერიცხება მაშინ სად არის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა?” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ევა გოცირიძის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ ლევან ბეჟაშვილის ამ პასუხს მოსამართლეთა პლენუმის მხრიდან პროტესტი მოყვა. კერძოდ, მოსამართლე ევა გოცირიძემ მას განუცხადა, რომ მისი შეკითხვა “სავსებით სწორი, ლეგიტიმური, თეორიულად და ყველანაირად გამართული იყო”.

“ბატონო ლევან თქვენ მგონი რეალური საქმის ვითარებისაგან ძალიან შორს ხართ, რადგან როდესაც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება, პირველი საკითხი რაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს არის ის, რომ უნდა შეაფასოს ესა თუ ის ფაქტი შესაბამის პარტიას უნდა მიეწეროს თუ არა. მე წარმოგიდგინეთ შესაბამისი ფაქტები და გკითხეთ, ეს საქმეები “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მიეწეროს თუ არა. ამიტომ ჩემი შეკითხვა სავსებით სწორი, ლეგიტიმური, თეორიულად და ყველანაირად გამართული იყო”, - უპასუხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

ევა გოცირიძის მხრიდან შეკითხვის დაზუსტებას, ლევან ბეჟაშვილის პასუხი მოჰყვა.

“თეორიულად და გამართულად გპასუხობთ, პარტიას როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ პირსა და სამართალ სუბიექტს, არ შეიძლება შეერაცხოს დანაშაული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ისეთ საქმეებზე, რომელიც ჩადენილია. პარტიას გამოძიების ფუნქციები არ ჰქონდა, არც გამოძიების უფლებამოსილება და ვერც დანაშაული ვერ შეერაცხება. ჩვენ ახლა ისტორიულ მართლმსაჯულებას ვახორციელებთ თუ რაში ედება ბრალი პარტიას, რომლის გაუქმების საკითხსაც მოსარჩელე აყენებს? მოსარჩელე პარტიას კონსტიტუციის დამხობაში სდებს ბრალს და ამასთან რა კავშირი აქვს თქვენს ჩამოთვლილ საქმეებს?”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის მიერ მოსამართლე ევა გოცირიძის მიმართულებით გაჟღერებულ რეპლიკას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

“ბატონო ლევან, მე თქვენ სხდომის დაწყების დღიდან დღემდე არაკონსტრუქციულ მიდგომაში ვერ დაგადანაშაულებთ, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი და არ შემიძლია ამის თქმა, მაგრამ თქვენ რაც თქვით, რომ “ეს არ არის მოსამართლისა და იურისტის შეკითხვა” მე ვალდებული ვარ რეაგირება მოვახდინო, შეიძლება ქალბატონმა ევამ არ მოახდინოს ამაზე რეაგირება, თითქოს მას ბრალი პოლიტიზებაში დასდეთ”, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ამ შენიშვნას, ლევან ბეჟაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელშიც მან განმარტა, რომ ის ევა გოცირიძის როგორც იურისტის მიმართ, უდიდესი პატივისცემითაა განწყობილი.

“არა, ქალბატონ ევას ნამდვილად ყველაზე ნაკლებად ეხება ეს, მე ქალბატონ ევას მიმართ, როგორც იურისტის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი, ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან, მაგრამ არც პოლიტიზებაში დამიდია ბრალი, მე ახლა დავინახე, რომ დასმული შეკითხვა უფრო მეტად პოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი, რომელთა გავლენაც საგამოძიებო კომისიაში ნათლად არის და შესაძლოა მოსამართლესაც გადასდებოდა ეს განცდა, ამიტომ ვთქვი ეს შეფასება”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი ამ განმარტების შემდეგ კი ევა გოცირიძემ დაამატა, რომ მისი შენიშვნა გაუგებარი იყო, თუმცა პასუხი გასაგებია.

“სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა იყო ჩემი მხრიდან და თქვენი შენიშვნა ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ თქვენი პასუხი ჩემთვის გასაგებია”,- განაცხადა ევა გოცირიძემ.