გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობისგან” თუ რამე გაგვიკვირდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდით, მაგრამ დღევანდელი მათი შეფასებები კომედიის ჟანრი უფრო იყო

გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობისგან” თუ რამე გაგვიკვირდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდით, მაგრამ დღევანდელი მათი შეფასებები კომედიის ჟანრი უფრო იყო

“ნაციონალური მოძრაობისგან” თუ რამე გაგვიკვირდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდით ამას, მაგრამ დღევანდელი მათი შეფასებები რომ მოვისმინეთ, ეს არათუ სამართლებრივი შეფასებები, არამედ კომედიის ჟანრი უფრო იყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის თაობაზე “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი იხილავდა.

კახიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ემიჯნებიან წარსულში ჩადენილ ქმედებებს და ისინი დღემდე საფრთხეს უქმნიან ქვეყნის დემოკრატიულ წყობას.

“ისინი ამბობდნენ, რომ თუ რამე დანაშაულები ხდებოდა 2004-2012 წლებში, “ნაციონალური მოძრაობა” რა შუაშია, სახელმწიფო იყო ამ ყველაფერში დამნაშავეო. ასევე ამბობდნენ, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი თუ რამე დანაშაულს სჩადიოდნენ, “ნაციონალური მოძრაობა” რა შუაშიაო, ისინი ჩვენი პარტიის წევრები არ იყვნენო.

იმდენი ასეთი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, ბოლოს მოსამართლემ ჰკითხა, ხომ ნამდვილად თქვენ იყავით 2004-2012 წლებში ხელისუფლებაშიო, აქამდე დავიდა მათი აბსურდული განცხადებები.

ამას გარდა, მოვისმინეთ ძალიან მძიმე შეფასებები და ძალიან მძიმე იყო მაგალითად იმის მოსმენა, თუ როგორ ცინიკურად და უტიფრად მოიხსენიებდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდის მსხვერპლებს, როგორი ცინიკური იყო დამოკიდებულება ზოგიერთ შემთხვევაში. არანაირი განცდა და სინანული მათ მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებების, არ ამოიკითხება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ერთია, სისტემური დანაშაულები არსებობდა მათ დროს და მართლა ისეთი სისტემა შექმნეს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი და მეორე არის ის, რომ დღემდე არ ემიჯნებიან ამას და დღემდე საფრთხეს უქმნიან ქვეყნის დემოკრატიულ წყობას”, - განაცხადა კახიანმა.