გედევან ფოფხაძე - დღეს ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებასა და საპატრიარქოს შორის ფუნდამენტური ღირებულებითი კონფლიქტია - ვინც დაკარგავს მადლს, ის დარჩება სატანასთან

დღეს ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებასა და საპატრიარქოს შორის ფუნდამენტური კონფლიქტია, ღირებულებითი კონფლიქტია , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
გედევან ფოფხაძის თქმით, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა თქვა ის, რაც მართლმადიდებელი მრევლის საერთო განწყობა უნდა იყოს.
„ეს ის ვითარებაა, როცა არ შეიძლება ჭირმა თავისი თავი დამალოს. როცა რაღაცა ზღვარზე გადადის, იქ რეაქცია აუცილებელია. როცა მარიხუანას კულტივაციის თემა იყო, ივანიშვილი ამბობდა: „ფულია ამაში, ბევრ ფულს ვიშოვით“, ჩვენ ვეუბნებოდით, არ არის მარტო ფული ცხოვრებაში მთავარი. პირდაპირ ვუთხარი, მადლი არ გვექნება - მეთქი, თუ ამას გავაკეთებთ. ივანიშვილმა მიპასუხა, მაგ ტერმინებით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდესო. დღეს ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებასა და საპატრიარქოს შორის ფუნდამენტური კონფლიქტია, ღირებულებითი კონფლიქტია, რომელიც მაშინაც იყო, მაგრამ, მაშინ უკან დაიხია რეჟიმმა.
თვითონაც ხომ იძახიან, დიალოგს ალტერნატივა არ აქვსო, მაშინ რატომ იღებ ისე კანონს, რომ საპატრიარქოს არ ელაპარაკები. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი თემია მართლმადიდებელი მრევლი და იმათი ღირებულებებიც ხომ გასათვალისწინებელია. მათი შვილები შეიძლება გახდნენ ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ აუხსნან ადამიანებს, რომ მადლით უნდა იცხოვრონ, თუ სახელმწიფო და მისი პოლიტიკური ელიტა პროპაგანდას უწევს ამ ყველაფერს.
მეუფემ თქვა ის, რაც მართლმადიდებელი მრევლის საერთო განწყობა უნდა იყოს. ის რეაქცია, რაც მეუფე იობის მიმართ გამოიჩინა ამ რეჟიმმა ეს იყო ყველაზე კარგი მაჩვენებელი, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ მართლმადიდებლობა რა არის. როცა მეუფეს ნათქვამზე ადამიანი ამბობს, რომ ღმერთმა შეუნდოსო, ის აზრზე არაა, ქრისტიანობა რა რის.
თუ ხელისუფლება არ გაუწევს ანგარიშს ქრისტიანულ ღირებულებებს, მოხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს, ვინც დაკარგავს მადლს, ის დარჩება სატანასთან და დარჩება ბოროტების ღირსი. ის მიიღებს იმას, რაც უნდა მიიღოს, ეს არის გარდაუვალი.
მეუფე იობმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და ჩვენ მეუფე იობს არავის არ დავაჩაგვრინებთ, მან დაიცვა ქრისტიანული ღირებულება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმ ბრძოლის,რაც მიცდის რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება, გედევან ფოფხაძის თქმით, მოსამართლეთა პერსონალურ დამოკიდებულებას ამ სარჩელის მიმართ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თავის დროზე ისინი იმ გარიგებით არიან არჩეულები, რომ „როცა რეჟიმს დასჭირდებოდა მათი თანხმობა, მათ ეს თანხმობა უნდა გაეცათ“.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოსამართლეების ემოციებს და დამოკიდებულებას სარჩელის მიმართ. ისინი როცა ინიშნებოდნენ, იცოდნენ რატომ ინიშნებოდნენ და რა პირობებით ნიშნავდნენ. პერსონალურად ქალბატონი ევას [გოცირიძე] მიმართ ადამიანური სიმპათია მაქვს, მაგრამ პროცესი, რომელიც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა, ვიცი, რომ იქ აუცილებელი პირობა იყო, როცა რეჟიმს დასჭირდებოდა მათი თანხმობა, მათ ეს თანხმობა უნდა გაეცათ. სამწუხაროდ, სხვანაირად ქალბატონ ევასაც არავინ დანიშნავდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. დოკუმენტი ალბათ, არ გადაუციათ და არც სისხლით ხელმოწერის თხოვნა არ ყოფილა, მაგრამ ყველა მოსამართლის მიმართ ასეთი გარიგება, რა თქმა უნდა, განხორციელდა. საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე მოხვდებოდა პოლიტიკური ვალდებულების გარეშე, ამ რეალობაში სამწუხაროდ გამორიცხულია. ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აღვიქვამ, როგორც იმის მაჩვენებელს, რომ სახელმწიფოში არ არის არანაირი ინსტიტუციები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ სტრასბურგის სასამართლო შეაჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ოცნება“ იტყვის, რომ ეს არის სუვერენიტეტის შელახვა.
„ლოგიკა იმისკენ გვიბიძგებს, რომ ისინი იტყვიან, რომ ეს არის მათი სუვერენიტეტის შელახვა და კიდევ უფრო მეტად დაშორდება ევროპას და უფრო მეტი იზოლაციისკენ გადადგამს ნაბიჯს. რეალურად ამათმა გამოაცხადეს, რომ მათ უნდათ დიქტატურა. ეს არის ძალიან ზედაპირზე. გაზავებული და შეფარული პოზიცია არ არის, აბსოლუტურად დემონსტრაციული პოზიციაა, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. დიქტატურას იზოლაციონიზმი ახასიათებს, სხვანაირად გამორიცხულია. თუ გინდა, რომ ამ ქვეყანაში ყველას აუკრძალო ისუნთქოს და იარსებოს, საზღვრები უნდა ჩაკეტო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება ნიშნავს დამატებით სანქციებს, რასაც ესენი მაინც ეგუებიან. იციან, რომ სანქციები იქნება. მათთვის ევროპა არის ის სივრცე, რომელშიც დიქტატურის გაყიდვას ვერ შეძლებენ. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. ისინი უკან ვეღარ დაიხევენ, აღარავინ დაელაპარაკება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

























