საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი. შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.

























