თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, თვითმხილველები დეტალებს ჰყვებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან კი მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
„აფეთქება,127 - ე სკოლის უკან მოხდა, ერთი დაშავებული გამოიყვანეს, იმდენად დაზიანებულია კორპუსი, ვერ არკვევდნენ კორპუსში
მყოფი ადამიანების რაოდენობას. რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს უვნებლად“,- აღნიშნავენ თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.

























