მიხეილ სარჯველაძე - პრიორიტეტულია, რომ DRG-ის პროცესში პირველ რიგში საყურადღებო იყოს სამედიცინო სერვისის ხარისხი - სადაც დასაბუთდება, რომ არსებობს ფასთა ცვლილების საჭიროება, სამინისტრო მზად არის, მოისმინოს

მიხეილ სარჯველაძე - პრიორიტეტულია, რომ DRG-ის პროცესში პირველ რიგში საყურადღებო იყოს სამედიცინო სერვისის ხარისხი - სადაც დასაბუთდება, რომ არსებობს ფასთა ცვლილების საჭიროება, სამინისტრო მზად არის, მოისმინოს

მზად ვარ, ნებისმიერი წინადადება მოვისმინო არა უბრალოდ ფასის ზრდასთან დაკავშირებით, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხის ზრდა ხორციელდებოდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ ხომ არ აპირებს, „ჯანდაცვის სამინისტრო, DRG-ის ფარგლებში ტარიფების გადახედვას“.

მისივე თქმით, უპირველესი პრიორიტეტი პაციენტისთვის უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებაა.

"ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ცალკეულ სერვისებზე განახლება, გარკვეული ცვლილებები არსებობდეს, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს თვითმიზანი არც ჩვენთვის, არც კლინიკებისთვის. მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ DRG-ის პროცესში პირველ რიგში საყურადღებო იყოს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხი. სადაც აუცილებლობა იქნება, გამოჩნდება და დასაბუთდება, რომ არსებობს საჭიროება რაიმე ცვლილებისა ფასთა რეგულირების მიმართულებით, ბუნებრივია, სამინისტრო მზად არის, მოისმინოს. მაგრამ უპირველესი პრიორიტეტი, ბუნებრივია, პაციენტისთვის უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებაა.

მზად ვარ, რომ ნებისმიერი წინადადება მოვისმინო არა უბრალოდ ფასის ზრდასთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხის ზრდა ხორციელდებოდეს. ამის კვალდაკვალ, ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს აუცილებლად გამოყენებული პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი," - განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მან სამედიცინო სერვისების ღირებულების თავსებადობასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ "სახელმწიფოს მიერ უშუალოდ რეგულირებული პროგრამების მეშვეობით ფასები სტაბილურია, შესაბამისად, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებასა და მოსახლეობაზე მძიმე ტვირთზე საუბარი არ შეიძლება".

„ძალიან ფართო საკითხია. აუცილებელია დავაზუსტოთ, რომელი კატეგორიის მომსახურებებზეა საუბარი და რომელი კატეგორიის მომხმარებლებზე. უნდა ითქვას, რომ ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, რომელიც თავიდან ბოლომდე უფასოა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მოწყვლადი კატეგორიებისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღები და ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ მაგალითად, მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და სენსიტიურია ფასებთან დაკავშირებული საკითხი, მათთვის რაიმე იცვლება ამ მიმართულებით. არა, ეს ასე ნამდვილად არ არის. სახელმწიფოს მიერ უშუალოდ რეგულირებული პროგრამების მეშვეობით ფასები სტაბილურია, შესაბამისად, იქ რაიმე ცვლილებას და მოსახლეობაზე რაღაცა მძიმე ტვირთზე საუბარი არ შეიძლება.

რაც შეეხება ისეთ სერვისებს, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული, ბუნებრივია, საინტერესოა, რომ ეს დაკვირვების საგანს წარმოადგენდეს. ეს საკითხი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ეს ეხება, რა თქმა უნდა, ფარმაცევტულ პროდუქტებს, სამედიცინო მომსახურებას. ბუნებრივია, როდესაც ფიქსირდება რაიმე ცვალებადობა, ამაზე თვალ-ყურის დევნება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. ჩვენი მხრივ, ბუნებრივია, ერთი მხრივ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სექტორი საკმაოდ გადატვირთულია, ასე ვთქვათ, კერძო კომერციული სტრუქტურებით. მათთვისაც, ბუნებრივია, ბიზნეს ინტერესები აქტუალურია, თუმცა იმავდროულად ეს მოითხოვს დაბალანსებული მიდგომების არსებობას. დაბალანსებული მიდგომა თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ფასების ზრდა, რომელიც შეიძლება ფიქსირდებოდეს, უნდა იყოს აუცილებლად სამართლიანი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული მომსახურების ღირებულებაზე საუბრისას, ჩვენ უნდა გვქონდეს გათვალისწინებული სწორედ დაბალანსებული რეგულირების მიდგომა და ამ თვალსაზრისით, ასე უნდა განისაზღვრებოდეს ყოველი ცალკეული შემთხვევა. ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არ ეხება უკლებლივ ყველა სერვისს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისები, ის, რაც ყველაზე მეტად აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათი ფასები აბსოლუტურად სტაბილურად ინარჩუნებს იგივე, მასშტაბებსა და მონაცემებს," - განაცხადა მინისტრმა.