ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, რუსეთისგან მოდიოდა ნარატივი: „გაგიჩენთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“ და უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე - ბევრად მზაკვრული მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“

ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, რუსეთისგან მოდიოდა ნარატივი: „გაგიჩენთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“ და უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე - ბევრად მზაკვრული მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“

დარწმუნებული ვარ, რუსეთისგან მოდიოდა ნარატივი: „გაგიჩენთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას” და თქვენ უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, რუსეთის წესი საქართველოსთან ურთიერთობებში არის ის, რომ საკუთარი ტერიტორია მონიშნოს.

„გახსოვთ, კობახიძემ გააკეთა განცხადება და რუსეთთან ახალი დიალოგის ფორმატი ოფიციალურად დაადგინა, დიპლომატი, ანუ, მინისტრის მოადგილე წარადგინა. დარწმუნებული ვარ, რუსეთისგან მოდიოდა ნარატივი - აი, ჩვენ მოგცემთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას - გაგიჩენთ, თქვენ უარი უნდა თქვათ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე. ეს არის რუსული მოდუსი საქართველოსთან ურთიერთობის და მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, რომ რუსეთმა თავისი ტერიტორია მონიშნოს. ამიტომ ვამბობთ წლების განმავლობაში, რომ საქართველო „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია. ქვეყნის იზოლაცია რომ მოეხდინათ, ამიტომ იყო ევროკავშირის დადანაშაულებების განცხადებები - „დიფსთეითი“ და ა.შ, რომ ინტერესი დაკარგვოდათ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიმართებით. ამას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე უნდათ რუსული ნარატივის დამკვიდრება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლბას აქვს უფრო „მზაკრული გეგმა“.

“სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ ვაცხადებდით და საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ეს არ არის მარტო პარტიების გაუქმების საკითხი, ბევრად უფრო ფარული და მზაკვრული მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“. პირველი, დემოკრატიული პლურალიზმის გაუქმება ქვეყანაში და პოლიტიკური ველის მოსწორება; მეორე, მთავარი და არსებითი „ქართული ოცნებისათვის“ გახლდათ ის, რომ რუსეთს მიეცეს ვეტო-ს უფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. თურმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების ხელის შეშლა არის ყველა პარტიის მთავარი, ერთ-ერთი ბრალდება. ამ ცნებაში მოიაზრებენ ყველა წინააღმდეგობას, მაგალითად, თუ სანქციას მოითხოვ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის დარღვევა; თუ საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციების მიღებას...ზოგადად, მათ შორის 78-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები ევროკავშირში და ნატოსთან მიმართებაში - შემთხვევითი არ არის, რომ მოსამართლეებიც სვამენ ამ კითხვებს. ხვდებით, რომ ამ 78-ე მუხლის გამოშიგვნა და უშინაარსოდ დატოვება უნდათ.

გუშინ ყველასთვის მოულოდნელად აბსოლუტურად არარელევანტური კითხვა იყო, ერთი მხრივ შეფარვითი, თითქოს სამეცნიერო კონფერენციაზე ვიმყოფებით ან რაღაც კონფლიქტოლოგიურ საკითხებს ვსწავლობთ, დააყენეს საკითხი: „ევროკავშირი და ნატო - თუ ტერიტორიული მთლიანობა“ - რომ შემოგთავაზონ, რომელს აირჩევდით?! დაშვების დონეზე, მაგრამ არცერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში არ აყენებს საკითხს ამდაგვარად და არც არასდროს აყენებდნენ.

არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამგვარად არ ჰყოფენ საკითხს, რომ ევროკავშირი - თუ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების წევრი და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორების მთავარი მოთხოვნა არის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, ლობირება მთელი მსოფლიო მასშტაბით და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

საზოგადოებას შევახსენებ ბოლოს სირიაში კაია კალასის განცხადებას, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ ამ მიმართებით არაფერს აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე. [ევროპამ] მათ მოთხოვნა დაუყენეს სირიას, რომ აღიარების შესახებ განცხადება უკან წაეღოთ“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.