ახალგაზრდები მზად არიან, თავად განსაზღვრონ მომავალი - სისტემებმა მათ ფეხი უნდა აუწყონ - UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს  ბაუერი

ახალგაზრდები მზად არიან, თავად განსაზღვრონ მომავალი - სისტემებმა მათ ფეხი უნდა აუწყონ - UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს  ბაუერი

UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს ბაუერი ახალგაზრდების რეალურ მოთხოვნებზე, მათ ფინანსურ და ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ოპ-ედს აქვეყნებს.

„ინტერპრესნიუსი“ ფლორენს ბაუერის ოპ-ედს უცვლელად გთავაზობთ:

ჰკითხეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რა სურთ ცხოვრებაში, და მათგან უაღრესად მკაფიო პასუხს მიიღებთ: მათ სურთ ღირსეული სამუშაო, საკუთარი საცხოვრებელი, სტაბილური პარტნიორული ურთიერთობა და შვილები.

თუმცა, ჩვენს რეგიონში ახალგაზრდები ამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებას სულ უფრო ხშირად აყოვნებენ ან ცვლიან მათ და უფრო მოკრძალებულ მიზნებს სახავენ.

ძალიან ხშირად, ეს ყოველივე ცხოვრებისადმი მათი გულგრილი დამოკიდებულებით ან ახალგაზრდა თაობაში ღირებულებების ცვლილებით აიხსნება. თუმცა, მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ახლახანს გამოქვეყნებული 2026 წლის ანგარიში ამ წარმოდგენას სრულიად ცვლის. დღევანდელი ახალგაზრდები უარს არ აცხადებენ ოჯახურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თუმცა, მათ არ აქვთ საკუთარი მისწრაფებების რეალობად ქცევისთვის საკმარისი ეკონომიკური უსაფრთხოება, საჭირო სერვისებზე წვდომა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით მოპოვებული მტკიცებულებები ამაზე ნათლად მეტყველებს. UNFPA-ის მიერ წარმოებული დემოგრაფიული მომავლის კვლევა, რომლის ფარგლებში წარმოებულ გამოკითხვაშიც ჩვენი რეგიონის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 39 წლამდე ასაკის 13 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, ცხადყოფს, რომ ეს თაობა ოჯახურ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თითქმის ხუთი ახალგაზრდიდან ოთხს (79%) დაქორწინება სურს - ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე კვლევაში მონაწილე დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. გარდა ამისა, იმ რესპონდენტთა 95%-ს, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ, სულ მცირე ერთი შვილის გაჩენის სურვილი აქვთ.

თუმცა, ახალგაზრდების ამ მისწრაფებების რეალიზებას სტრუქტურული ბარიერები აფერხებს. რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდები შვილების ყოლის მთავარ დაბრკოლებებად ასახელებენ ფინანსურ არასტაბილურობას, შესაბამისი საცხოვრებლის არქონასა და შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულეს. ამავდროულად, პოლიტიკური არასტაბილურობისა და კონფლიქტის გამო შფოთვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაცილებით მკაფიოდ იკვეთება, ვიდრე კვლევაში მონაწილე სხვა რეგიონების ქვეყნებში.

რესპონდენტების მიერ დასახელებული გამოწვევები ყველას თანაბრად არ ეხება. რეგიონის მასშტაბით ქალები შვილების ყოლის ხელისშემშლელ თითქმის ყველა ფაქტორს კაცებზე უფრო მძაფრად აღიქვამენ, რაც რეგიონში არსებულ და ჯერაც დაუძლევენ უთანასწორობას ასახავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშების, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობისა და აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო საქმეების არათანაბარი გადანაწილების თვალსაზრისით. როდესაც ქალებს კარიერასა და შვილების ყოლას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ, გასაკვირი არ არის, რომ ოცდაათ წლამდე და ოცდაათ წელს გადაცილებულ ასაკში მათი ოპტიმიზმი თანდათან იკლებს და ცხოვრებისეული მიზნები უფრო მოკრძალებული ხდება.

შობადობის კლებისა და მოსახლეობის ცვლილებადი ტენდენციების ფონზე, ჩვენი რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა სწრაფი გამოსავლის პოვნას ცდილობს. მათ მიერ ამ მიმართულებით მიღებულ ზომებს შორისაა, მაგალითად, ოჯახზე გაცემული ერთჯერადი დახმარება ბავშვის დაბადებისას, ან ისეთი რიტორიკა, რომელიც ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ქალებზე, ზეწოლას ემსახურება, მეტი შვილის გაჩენის მოწოდებით. როგორც არაერთგზის დადასტურდა, მხოლოდ ფულადი დახმარება სტრუქტურულ პრობლემას ვერ აგვარებს, იძულება კი არღვევს რეპროდუქციულ უფლებებსა და ძირს უთხრის დიდი ძალისხმევით მიღწეულ გენდერულ თანასწორობას.

დემოგრაფიული მდგრადობა, უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა თავად ახალგაზრდების მოსაზრებების მოსმენითა და მათი მოთხოვნების გავითვალისწინებით.

მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ წლევანდელი ანგარიშის მომზადებისას გამართული კონსულტაციები ნათლად წარმოაჩენს ახალგაზრდების პრიორიტეტებს. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ უფსკრული განათლებასა და ღირსეულ დასაქმებას შორის - ახალგაზრდები უნდა აღვჭურვოთ ციფრული ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტით სარგებლობისთვის საჭირო უნარებით და შევუქმნათ მათ სტაბილური დასაქმების შესაძლებლობები. გარდა ამისა, საჭიროა ინვესტიციების განხორციელება ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი საფუძვლების შექმნაში. აღნიშნული მოიცავს ხელმისაწვდომ საცხოვრებელს, ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ შრომით პოლიტიკას, რომელიც კაცებსა და ქალებს შორის ოჯახსა და შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას ემსახურება.

პრიორიტეტებს შორის უნდა მოაზრებოდეს სხეულის ავტონომიის დაცვა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, რადგან ამ სფეროში დაბრკოლებების არსებობა და დაფინანსების შემცირება ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს უქმნის საფრთხეს. და ბოლოს, საჭიროა ახალგაზრდების სიმბოლური მონაწილეობიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ რეალურ ჩართულობაზე გადასვლა. ახალგაზრდების იმედგაცრუება არსებული სისტემების მიმართ სახეზეა, თუმცა ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს არ ამბობენ - უბრალოდ, თემებსა და ციფრულ სივრცეებში მონაწილეობის განსხვავებულ ფორმებს ირჩევენ. მათ აქვთ უფლება, რეალური წვლილი შეიტანონ იმ ბიუჯეტებისა თუ გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრაში, რომლებიც მათ მომავალს განაპირობებს.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები უფროსი თაობებისგან განზე გადგომას კი არ ითხოვენ, არამედ მათი გზის დაბრკოლებებისგან გაწმენდას.

როცა ახალგაზრდების შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და უფლებებს ვიცავთ, ამით ჩვენ მხოლოდ მათ კი არ ვეხმარებით ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებაში, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს.

ფლორენს ბაუერი - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი.