ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მცირეწლოვანი ნახევარი საათია რაც შემოიყვანეს კლინიკაში. ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა, ტომოგრაფიის შედეგს ველოდებით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ანი დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში , საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

























