ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - იყო თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი, როცა 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და გადაეცა რუსეთს

ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - იყო თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი, როცა 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და გადაეცა რუსეთს

ბატონმა არჩილმა ბრძანა, რომ ჯარისკაცების სტატუსი და მდგომარეობა გვაღელვებს და ა.შ. იყო თუ არა თქვენი ხელისუფლების პირობებში დანაშაულებრივი ფაქტი, როდესაც ქართველი სამხედროების, რომლებიც 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შესახებ საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და გადაეცა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ეს ცნობილი ფაქტია, გამოიძიეთ თუ არა ეს საქმე და რა დაადგინეთ გამოძიების შედეგად? - ამ შეკითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება.

ბეჟაშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა. მისი თქმით, „ეს კითხვა უბრალოდ, არარელევანტურია“.

„ასე გიპასუხებთ, ბატონო ლევან - როდესაც აგვისტოს ომის მონაწილეს ქვეყანაში აწამებენ, ესვრიან, ამ საქმეს არ გამოიძიებენ, აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცზე მაქვს საუბარი, მერე ამ საქმეში მონაწილე პირს მიხეილ სააკაშვილი ძმურ სიყვარულს გამოუცხადებს - აი, ამ ძალის წარმომადგენლისგან, ჩემი აზრით, ეს კითხვა უბრალოდ, არარელევანტურია“, - განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძის საპასუხოდ, სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ პროტესტს აყენებდა, დაეყენებინა პროტესტის ფორმით, „ზედმეტი, ასეთი ტიპის შესავლის გარეშე“.

„თუ ფიქრობთ რომ არარელევანტურია და საქმეს არ შეეხება, დააყენეთ ჩვეულებრივ პროტესტი, რომ არ შეეხება საქმეს. ეს უკვე პოლიტიკურში გადადიხართ, თქვენ გადადიხართ უკვე პოლიტიკურში“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ გორდულაძის მისამართით.