გიორგი სიორიძე - არის შეკითხვები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა ვერანაირი პროცედურული ხრიკით

ვნახეთ, როგორ ირიდებდა შეკითხვებს „ქართული ოცნება“ - არის შეკითხვები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა ვერანაირი პროცედურული ხრიკით, - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოისმინეს ისეთი შეკითხვები, რომელიც სარჩელთან საერთოდ არ იყო შემხებლობაში.
„ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ კითხვები, რომლებიც ყველა პარტიის მიმართ იყო მიმართული - ჰიპოთეზურ დაშვებებზე იყო საუბარი, წარმოუდგენელ საკითხებზე, იმ დაშვებაზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებში იყოს მომზადებული. მაგალითად, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხის შეპირისპირება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციასთან, რომელზეც არ მეგულება პატრიოტი ქართველი, რომ შეიძლება რაიმე განსხვავებული აზრი ჰქონდეს, შეიძლება ეთმობოდეს საქართველოს განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
მოვისმინეთ რაღაც ისეთი შეკითხვები, რომელიც, ერთი მხრივ, სარჩელთან საერთოდ არ იყო შემხებლობაში, მაგრამ რაღაც განზრახულობას ისახავდა მიზნად. რაღაც თამაშს ჰგავდა ეს ყოველივე, მაგრამ ამ თამაშში იყო რეალური ბევრი ხიფათი ჩადებული და ის განზრახულობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის დამყარებასთან დაკავშირებით, ის განზრახულობა, რომელიც მას აქვს საქართველოს პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. ვნახეთ, სამწუხაროდ, როგორ ირიდებდა შეკითხვებს „ქართული ოცნება“. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში, მაგრამ არის შეკითხვები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა ვერანაირი პროცედურული ხრიკით“, - აცხადებს გიორგი სიორიძე.

























