ენერგეტიკოსი - ფონიჭალაში დღევანდელი შემთხვევა შეიძლება იმის ბრალია, რომ იმ ადამიანს, ვისაც ეს შეემთხვა, ცუდი ყნოსვა ჰქონდა, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბინაში ბუნებრივი აირის დეტექტორები იყოს დამონტაჟებულები

ავარიების ძირითადი მიზეზი, არის უცოდინარობა, ხალხმა ნორმალურად არ იცის, როგორ უნდა მოეპყროს გაზს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ინჟინერ-ენერგეტიკოსმა ევტიხ მაჭავარიანმა განაცხადა.
ამასთან, ის გამოეხმაურა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ იმ ადამიანს, ვისაც ეს შეემთხვა, ცუდი ყნოსვა ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის სიგნალიზატორები და დეტექტორები იყოს დამონტაჟებულები.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ყაზტრანსგაზს“, გამოცემული აქვს უსაფრთხოების წესები, თუმცა იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს უსაფრთხოების წესებზე ინფორმაცია აქვთ.
„სოკარ გაზ ჯორჯიასაც“ აქვს შემუშავებული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხოების ინსტრუქციები, მაგრამ უამრავი ხელსაწყოების მემონტაჟე თვითნასწავლია და არ აქვს გავლილი შესაბამისი სკოლა და ამიტომ შესაძლოა, მონტაჟშიც იყოს ხოლმე შეცდომები. დღევანდელი შემთხვევა შეიძლება იმის ბრალია, რომ იმ ადამიანს ვისაც ეს შეემთხვა, ცუდი ყნოსვა ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის სიგნალიზატორები და დეტექტორები იყოს დამონტაჟებულები, განსაკუთრებით მოხუცებულებთან, თუკი ცნობილია, რომ ყნოსვის შეგრძნება აქვს დაქვეითებული ადამიანს“,- აღნიშნა ევტიხ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ყურადღებას სფეროში განათლების დონეზე და ინტენსიურ კონტროლზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დღეს კონტროლი ინტენსიურად არ ხდება, ხოლო სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი რუსულ ენაზეა.
„მომსახურე პერსონალის სათანადო კონტროლი ინტენსიურად არ ტარდება, ასევე ინტენსიურად უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება, აგრეთვე ხელი უნდა შეეწყოს განათლების დონეს, ადრე ეს ყველაფერი რუსული ლიტერატურით იყო უზრუნველყოფილი, ახლა ახალგაზრდები გვყავს, რომლებმაც რუსული არ იციან, წიგნებიც არ იშოვება ქართულად, არ არის დაბეჭდილი. ჩვენმა კოლეგამ ხუთი სხვადასხვა წიგნი დაწერა გაზის სისტემების მოწყობილობებზე და მშენებლობის დროს გაზის გაყვანაზე და მათი გამოცემაც რთულდება. მოკლედ, ძალიან ფართო სპექტრია ხელმძღვანელობის, მოქალაქეების და შემსრულებლების პასუხისმგებლობის.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ სამზარეულოში გაზქურას იყენებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩართული სავენტილაციო სისტემა, გაზქურის თავზე ვენტილატორი უნდა იყოს ჩართული და ჰაერი უნდა გადიოდეს გარეთ. კონცენტრაცია თუ 3% - ია, არ არის საშიში, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, მთელ ოთახშია 3%, თუ სადღაც 3.5 - 4 % და ელექტროენერგიის ჩართვის შემთხვევაში, შეიძლება გაზმა ააფეთქოს ის ნაწილი. აუცილებელია, უფრო სერიოზული მიდგომა, ბინაში დეტექტორები უნდა იყოს დამონტაჟებული.
საზღვარგარეთ არ არსებობს სასტუმრო და ბინა, რომ არ ჰქონდეს დეტექტორი, რომელიც იგრძნობს და იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა, ხან გადაკეტავს გაზს, ხან ავარიულ სიგნალიზაციას ჩართავს“, - განაცხადა ევტიხ მაჭავარიანმა.

























