ვახტანგ ძაბირაძე - თუ დღეს არ ჩავიდა მოსკოვში გიორგი ზურაბაშვილი, ეს არის დროებითი მოვლენა და ალბათ, მალე მოვესწრებით იმასაც, რომ პირდაპირ მოსკოვში შედგება შეხვედრა - ჟენევის ფორმატი ფაქტობრივად უკვე გაუქმებულია

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პირობებში ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად იცვლის ორიენტირს და დასავლეთიდან ნელ-ნელა გადადის ჩრდილოეთისკენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ეხმაურება მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრას.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჟენევის ფორმატი, ფაქტობრივად, უკვე გაუქმებულია და არ არის გამორიცხული, რომ მინსკის ფორმატში შეხვედრებმა ნელ-ნელა გადაიბაროს პოლიტიკური თემებიც.
„ბელარუსის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი მიმართულებით ის არის რუსეთის ერთ-ერთი ოლქი თავისი პრეზიდენტიანად. ის არის ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე რუსეთის. ამასთანავე, მოგეხსნებათ, რომ უკრაინის თემა როდესაც იხილებოდა, სწორედ მინსკში იკრიბებოდნენ ხოლმე და ეს იყო რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს არის ძალიან მომგებიანი, თუნდაც პროპაგანდისტული თვალსაზრისით. თუ დღეს არ მოხდა ის, რომ მოსკოვში არ ჩავიდა გიორგი ზურაბაშვილი, ეს არის დროებითი მოვლენა და ალბათ, ძალიან მალე მოვესწრებით იმასაც, რომ პირდაპირ მოსკოვში [შედგება შეხვედრა]. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე, ალბათ, მაინც იქნება ვიზიტი მოსკოვში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსული პროპაგანდისთვის, იმ ეტაპზე, როდესაც საკმაოდ გართულებულია ვითარება თავად რუსეთის შიგნითაც და ასევე, საგარეო ურთიერთობებში როგორც დასავლეთთან, ისე შეერთებულ შტატებთან. გახსოვთ ალბათ, რომ პუტინი მუდმივად მზადყოფნას აცხადებს, შეხვდეს ზელენსკის, ოღონდ მოსკოვში. მოსკოვში ჩასვლა ეს არ არის მარტო პროპაგანდა, მოსკოვში ჩასვლა აღიარებაა სიუზერენისა ამ ტერიტორიაზე. მოსკოვს უნდა, რომ ის აღიარონ როგორც სიუზერენი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა. ლაპარაკი რაც ხდება და როგორც მიდის ქვეყნის საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები.
მინსკი არის დროებითი ადგილი, სადაც შეხვედრები გაიმართება, საბოლოო ჯამში გადაინაცვლებს მოსკოვში, თუ ასე გაგრძელდა და „ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა თავისი პოლიტიკური ვექტორი. აქედან გამომდინარე, დღეს ჟენევის ფორმატზე ხელისუფლების ლაპარაკი არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული მანევრი. მათ უნდათ, რომ ნაკლები ილაპარაკოს ქართულმა საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა ოპოზიციამაც იმაზე, რომ ვექტორი შეიცვალა, დღეს უკვე გეოგრაფიულადაც კი ჩანს, რომ საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა, ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ როგორმე შეერბილებინათ დარტყმა. ჟენევის ფორმატი, ფაქტობრივად, უკვე გაუქმებულია, მაგრამ არც ის არის შორს, რომ ამ ფორმატში შეხვედრებმა ნელ-ნელა გადაიბაროს პოლიტიკური თემებიც და არ დარჩეს მარტო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟენევის ფორმატის გვერდის ავლით გვექნება ანალოგიური ფორმატი. არ არის აუცილებელი, რომ ჟენევის ფორმატი ოფიციალურად გააუქმოს ვინმემ. ფაქტობრივად დარჩება საკითხების განხილვის გარეშე და მივიღებთ იმას, რომ რეალური მოლაპარაკებები იქნება ამ ახლა ფორმატში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

























