ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დღეს გუნდის წევრების კონკრეტული პოზიცია არ მოეწონა, მაგრამ ჩვენ გუნდში არ „ტეხავს“, „მოსულა“ ჯანსაღ ფარგლებში განსხვავებული აღქმის დაფიქსირება - ივანიშვილთან ეს ვერ „მოსულა“

ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დღეს გუნდის წევრების კონკრეტული პოზიცია არ მოეწონა, მაგრამ ჩვენ გუნდში არ „ტეხავს“, „მოსულა“ ჯანსაღ ფარგლებში განსხვავებული აღქმის დაფიქსირება - ივანიშვილთან ეს ვერ „მოსულა“

„ნაციონალური მოძრაობა“ გასაგებია, მიხეილ სააკაშვილი იყო პუტინთან მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ლიდერი რეგიონში და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იმ რეფორმების პერიოდი არის ყველაზე საშიში პრეცედენტი კორუმპირებული და კრიმინალური ელიტისთვის, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს და რა თქმა უნდა რუსეთისთვისაც, მაგრამ სხვა პარტიების რას ერჩიან? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, აპირებენ, რომ აკრძალონ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც იქნება რეალურად ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი.

„ზაზა ბიბილაშვილს პოლიტიკური ისტორიული ექსკურსის კუთხით ეპოქალური სიტყვა ჰქონდა, რომელმაც ნათლად დაანახა ხალხს, თუ საიდან სად მივედით 2003 - დან 2012 წლამდე. ანა წითლიძემ უშუალოდ ამხილა, რომ წულუკიანის კომისია, რომელსაც გამოიყენებენ, არც ერთ ქვეყანაში ვალიდური არ იქნებოდა.

ჩვენების მიმცემ ადამიანებს შორის არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, ან პირდაპირ წევრები. სადღაც 130-ზე მეტი ადამიანიდან 80-ზე მეტი „ოცნებასთან“ დაახლოებულია. გარდა ამისა ბეჟაშვილმა ძალიან კარგად ახსნა, სამართლებრივად როგორი აბსურდია პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნა, რომელსაც კონსტიტუციურ დამხობასთან არანაირი შეხება არ გააჩნია. როცა ანალოგიებზე საუბრობენ, დასავლეთში აკრძალული ორგანიზაციები არის ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული.

მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა გაცამტვერდა, მათ შორის გამოჩნდა საკონსტიტუციოს მოსამართლეების ნამდვილი სახე. არაეთიკურია, როდესაც ადამიანები ესხმიან თავს ოპოზიციონერებს და ღიად ტენდენციურები არიან. სამართლებრივი მსჯელობით და სამართლებრივი ლოგიკით კი არ იფარგლებიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. მათი კითხვები და განცხადებები არის პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ტონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტანდარტისთვის შეუსაბამოა“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გააკრიტიკა. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული და საპირისპირო აზრის დაფიქსირება შეიძლება და ეს ტრაგიკული არ არის.

„ჩვენთან ეს „მოსულა“ და არ „ტეხავს“, ივანიშვილთან ეს ვერ „მოსულა“, გასაგებია, რომ არის ოლიგარქი მმართველი, სინამდვილეში ვინც არის დიქტატორი ვიცით, მისი პოზიცია შეიძლება იყოს საწინააღმდეგო და ვინმემ საჯაროდ თქვას შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, მას კონკრეტულ დღეს ჩვენი გუნდის წევრების კონკრეტული პოზიცია არ მოეწონა, მიხეილ სააკაშვილმაც იცის, რომ ეს ადამიანები არიან უზადო პროფესიონალები, შეიძლება რაღაც კონკრეტულ მომენტში სააკაშვილი გაბრაზდეს და კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს მასთან დაკავშირებით და მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არაფერზე არ აისახება.

ის [სააკაშვილი] გახლავთ პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ადამიანი ბოლო წლების მანძილზე, როგორც ციხეში არის აქტიური და ყველაზე აქტიურია, ისეთი აქტიური იქნებოდა ციხის გარეთაც, ერთ განცხადებით ქმნის პოლიტიკურ ამინდს, რომელიც კვირების განმავლობაში განხილვის თემაა.

ჩვენ გუნდში არ „ტეხავს“, „მოსულა“ ჯანსაღ ფარგლებში ერთმანეთთან დაკავშირებით საპირისპირო აზრების გაჟღერება, განსხვავებული აღქმის დაფიქსირება და ეს არ არის ტრაგიკული და ამის შემდეგ ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა მინსკში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ჯერ პირდაპირ მოსკოვში ჩასვლა ვერ გაბედეს, ამიტომ მინსკში ჩავიდნენ.

„სიმბოლოებს დიპლომატიაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, შეიძლება განცხადებას არ ჰქონდეს იმხელა მნიშვნელობა, როგორც სიმბოლოებს. პირდაპირ ამბობს ეს ხალხი, რომ ჩვენ მოედანზე მოდი, უკვე შეგიძლიათ პირდაპირ გვეახლოთ, როგორც მონღოლი ყაენების კარზე ჩადიოდნენ. აი ასე პირდაპირ უნდა ჩავიდეთ, ჯერ პირდაპირ მოსკოვში ჩასვლა ვერ გაბედეს და ამიტომ მინსკში ჩავიდნენ.

23 და 28 ნოემბრის აქციები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ხალხი პირდაპირ მიგვაქანებს რუსეთისკენ პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.