„მსურველთა კოალიცია“ რუსეთს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს

„მსურველთა კოალიცია“ რუსეთს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს.
ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთი „ზამთრის პერიოდში ენერგეტიკულ ზავს უნდა დათანხმდეს“.
„ლიდერებმა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლისა და თავისუფალი ნაოსნობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობას, რათა რეგიონიდან სურსათის ექსპორტი უზრუნველყოფილი იქნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მისი თავდაცვის უფლება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
„მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ლიდერები ვალდებულებას იღებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებენ, მათ შორის, სანქციების გამოყენების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

























