თენგიზ შარმანაშვილი - ევროკავშირიდან ერებს ეუბნებიან: „10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ იმიტომ, რომ შენ დაბალი დონე ხარ და მაინც უნდა დაგაკვირდე“ - ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება და ზემოდან ყურება, უთანასწორობის გრძნობას აჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ „ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას” სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
როგორც შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებს ეუბნებიან, რომ ისინი „დაბალი დონის არიან“.
„ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენ ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაცა სხვა, დაბალი დონე ხარ. მე შემიძლია ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. თითქოს ისინი აღმატებული, ზემოდან მაყურებელი ადამიანები არიან, „განვითარებული“ რასა არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაღაცები მიგვითითონ და თითი დაგვიქნიონ. მე რომ ვაკეთებ ამას, ნუ გაიმეორებ, შენ ამისთვის მზად არ ხარ. დაახლოებით იგივეა ესეც. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია შენ რაც წესები დაგიწესე მე რომ ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე ხომ არავინ არავის მიიღებს, მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ ხომ დაბალი დონე ხარ, მაინც უნდა დაგაკვირდე. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება, ასეთი ზემოდან ყურება, ვითომ „ელიტისა“, არავითარი ელიტა ის არ არის აჩენს ამ უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას და პროცესი მონტენეგროთი დაიწყება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, „ორბანის სტილის“ დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.

























