მიხეილ სარჯველაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ

მიხეილ სარჯველაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. დიდი იმედი მაქვს, არანაირი გართულება არ გამოვლინდება და ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.

მინისტრის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მიმდინარეობს დაკვირვება, სადმე რაიმე არ გამოვლინდეს, რასაც შეიძლება ყურადღება დასჭირდეს. ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ბავშვების შემთხვევაში, არანაირი გართულება არ გამოვლინდება, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს.

რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. ყველაფრით არის უზრუნველყოფილი. ახლა, ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, ყველაფერი უტარდება. დრო გვაჩვენებს, როგორი იქნება გამოსავალი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.