სალომე სამადაშვილი - სუროგაცია მკაცრ რეგულირებას მოითხოვს, თუმცა მის სრულ აკრძალვას არანაირი გამართლება არა აქვს

სალომე სამადაშვილი - სუროგაცია მკაცრ რეგულირებას მოითხოვს, თუმცა მის სრულ აკრძალვას არანაირი გამართლება არა აქვს

ქართული ოჯახები, რომლებიც ბიოლოგიური შვილის გაჩენის შანსებს კარგავენ სუროგაციის აკრძალვის შედეგად, ასევე არ ადარდებს ხელისუფლებას. პაპუაშვილი, მაგალითად, დემოგრაფიულ კრიზისს, თავხედური ცინიზმით, ეკონომიკურ „აყვავებას“ აბრალებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუროგაცია მკაცრ რეგულირებას მოითხოვს, თუმცა მის სრულ აკრძალვას არანაირი გამართლება არა აქვს.

„ევროპაში საჯარო ტრანსპორტში ძალიან ხშირად ნახავთ ქართველ ქალებს დაღლილი სახეებით, სევდიანი თვალებით. თუ ტელეფონით საუბრობენ, გაიგებ, როგორ ურეკავენ ოჯახის წევრებს, ეკითხებიან, რა სჭირდებათ, როგორ მიაწოდონ თანხა, რა გაუგზავნონ. ოჯახის გადასარჩენად უცხოეთში გადახვეწილ და ფიზიკურად მშრომელ მამაც ქალებს ძირითადად დამხმარეებად რომ არიან დასაქმებულნი, თუ გამოელაპარაკები, გაიგებ, რომ სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ.

მათ ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე აუკრძალა. მერე რა, რომ უამრავ ხალხს არჩენენ, მის მიერ გაღატაკებულ საქართველოში.

სუროგაციის აკრძალვით ამ ქალების რიგებს კიდევ ბევრი შეემატება, სავარაუდოდ.

ივანიშვილის საქართველო მათ ვერაფერს სთავაზობს ალტერნატიული დასაქმების შანსების სახით. „ქოლ-ცენტრებში“ ვერ იმუშავებს ყველა ევროპელების გასაძარცვად. თუმცა, ამ „ინდუსტრიასაც“ მალე ალაგმავენ ევროპელები საქართველოში. პრიორიტეტი გახდა ეს საკითხი ევროპაში.

ქართული ოჯახები, რომლებიც ბიოლოგიური შვილის გაჩენის შანსებს კარგავენ, სუროგაციის აკრძალვის შედეგად, ასევე არ ადარდებს ხელისუფლებას. პაპუაშვილი, მაგალითად, დემოგრაფიულ კრიზისს, თავხედური ცინიზმით, ეკონომიკურ „აყვავებას“ აბრალებს.

სუროგაცია მკაცრ რეგულირებას მოითხოვს, მაგრამ მის სრულ აკრძალვას-არანაირი გამართლება არა აქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. რაც შეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ დარჩენილია", - განაცხადა კირცხალიამ.