ირაკლი ფავლენიშვილი - საჭიროა შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია, ოჯახებს რომლებსაც არ უჩნდებათ შვილი, აქვთ საშუალება, ჰყავდეთ ალტრუისტული სუროგაციის მეშვეობით შვილი

ირაკლი ფავლენიშვილი - საჭიროა შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია, ოჯახებს რომლებსაც არ უჩნდებათ შვილი, აქვთ საშუალება, ჰყავდეთ ალტრუისტული სუროგაციის მეშვეობით შვილი

ამ ბიზნესთან დაკავშირებით არსებობდა გონივრული ეჭვები და კითხვები, თუ ვინ მფარველობდა საქართველოში მასობრივი ხასიათის კომერციულ სუროგაციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ მიმართულებით ლოგიკური იყო - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომერციული სუროგაცია ზრდის ქალთა უფლებების დარღვევის და ტრეფიკინგის რისკებს.

„სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აღქმას და პოზიციას, ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ ევროკავშირის უმეტესობა ქვეყნებში რა თქმა უნდა კომერციული სუროგაცია არის აკრძალული და ეს არის ქრისტიანული ქვეყნების, არა მხოლოდ კათოლიკური, მათ შორის მართლმადიდებლური ქვეყნების პრაქტიკაც, იმიტომ რომ კომერციული სუროგაცია ზრდის რისკებს ქალთა უფლებების დარღვევის და ტრეფიკინგის კუთხით რისკებს.

ზოგადად ამ ბიზნესთან დაკავშირებით არსებობდა გონივრული ეჭვები და კითხვები თუ ვინ მფარველობდა საქართველოში მასობრივი ხასიათის კომერციულ სუროგაციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ მიმართულებით იყო ლოგიკური. თუმცა, დემოგრაფიული კატასტროფიდან და იმ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, რომ უშვილო ოჯახებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმის, რომ მათ ჰყავდეთ შვილები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია, ანუ ოჯახებს რომლებსაც არ უჩნდებათ შვილი, მათ აქვთ საშუალება, რომ ჰყავდეთ ალტრუისტული სუროგაციის მეშვეობით შვილი, ჩვენ ვფიქრობთ რომ გარდა ადამიანური მომენტისა, ეს არის ეროვნული და დემოგრაფიული საკითხიც.

ქვეყანას აქვს კატასტროფული მდგომარეობა, რაც ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის კუთხით და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკა დავხვეწოთ და ალტრუისტული სუროგაცია ქვეყანაში არსებობდეს, რათა უშვილო ოჯახებს შეეძლოთ შვილის ყოლა“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. რაც შეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ დარჩენილია", - განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2023 წელს, საქართველოს პარლამენტში სუროგაციასა და დონაციასთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი, სახელწოდებით - “მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ დარეგისტრირდა. პროექტის ინიციატორი მთავრობა იყო. კანონპროექტი კი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. 2023 წლის კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სუროგაციისა და ინ-ვიტრო მომსახურების შეზღუდვა; სუროგაციისა და დონაციის პროცესის მკაცრი სამართლებრივი რეგულირება; დონორებისა და რეციპიენტების უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა. დონაციის უანგარო პრინციპზე დაფუძნება; რეპროდუქციული მომსახურების ერთიანი ეროვნული რეესტრის შექმნა; კლინიკების საქმიანობის კონტროლი და ხარისხის სტანდარტების დაწესება. პროექტი მიხედვით, სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დაშვებული.საკანონმდებლო პაკეტმა საკომიტეტო განხილვების პროცესი გაიარა, თუმცა ამის შემდეგ განხილვა გაჩერდა.