ვიკა ფილფანი - აქციის მონაწილეების გათავისუფლებით „ოცნებას“ ჰუმანურობის გამოვლენა დასჭირდა, რადგან ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა, რასაც მათი ერთგული ადამიანებიც კი ვერ ხსნიდნენ, მამუკა მდინარაძეს კი, ერთადერთი, ვისგანაც საფრთხე ემუქრება, „ქართული ოცნებაა“

ვიკა ფილფანი - აქციის მონაწილეების გათავისუფლებით „ოცნებას“ ჰუმანურობის გამოვლენა დასჭირდა, რადგან ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა, რასაც მათი ერთგული ადამიანებიც კი ვერ ხსნიდნენ, მამუკა მდინარაძეს კი, ერთადერთი, ვისგანაც საფრთხე ემუქრება, „ქართული ოცნებაა“

შეწყალების აქტი ძალიან ჰუმანურია, ეს შესაძლებლობა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდებს და იმ ადამიანების საქმეს, სადაც არანაირი მტკიცებულება არ დევს. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და მათ დიდი ხნით ადრე უნდა დაეტოვებინათ საპატიმრო, - ასე აფასებს პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატი ვიკა ფილფანი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე გიორგი მინდაძის, ანრი კვარაცხელიას, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის გათავისუფლებას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა და ახლა ჰუმანურობის აქტის გამოვლენა დასჭირდა.

„ის ორი წელი, რომელიც ამ ადამიანებმა უსამართლოდ გაატარეს ციხეში, მძიმე იყო როგორც მათთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და მათ დიდი ხნით ადრე უნდა დაეტოვებინათ საპატიმრო. კარგია, რომ მათ ოჯახებთან დაბრუნების საშუალება მიეცათ. იმედი მაქვს, რომ მათ რიგებს შეუერთდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც უსამართლოდ სხედან ციხეში და მათ მიმართ საქმეში არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მაგრამ რატომ ახლა, ამის განსაზღვრა ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა, რითაც გაანაწყენა პირველ რიგში საკუთარი ამომრჩეველი და გაანაწყენა ქართველი ხალხი. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ერთგული ადამიანებიც კი ვერ ხსნიდნენ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამიტომაც მათ ახლა ჰუმანურობის გამოვლენა დასჭირდათ“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, დეპუტატმა ასევე ისაუბრა სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე სექტემბერში დაენიშნა. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო დაუცველი აღმოჩნდება და მას საფრთხე სწორედ „ქართული ოცნებისგან“ ემუქრება.

„არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ მამუკა მდინარაძე ცოტა ხანში კიდევ უფრო დაუცველი აღმოჩნდეს. ერთადერთი, ვისი მხრიდანაც მამუკა მდინარაძეს საფრთხე ემუქრება, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს, პრინციპში, ცხადი იყო, როცა სწრაფი ტემპით გენერლად დაწინაურების შემდეგ, მოულოდნელად სტრესის გამო სახლში მოუწია წასვლა. მამუკა მდინარაძე არის კაცი, რომელმაც დააორგანიზა 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ ოფისში სუს-თან ერთად, რაც, პრინციპში, თავად აღიარა „იმედის“ ტელევიზიაში. მამუკა მდინარაძე არის ადამიანი, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა სიბინძურეს მოაწერა ხელი და „ქართული ოცნების“ სახელით აკეთა ყველა სიბინძურე, ყველანაირი ტიპის. ის არის კაცი, რომელმაც მათი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში გაუშვა, და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამ ყველაფრის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ მას სტრესი და ოჯახური პრობლემები აქვს და სახლში უნდა წავიდეს.

რაც შეეხება ირაკლი კირცხალიას განცხადებას, ის, რომ პარლამენტშია, მამუკა მდინარაძის დამსახურებაა, ასევე ლევან გორდულაძე და ლევან მაჭავარიანიც. ახლა მათ უარყვეს მდინარაძე თუ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მასთან მეგობრობას, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ მამუკა მდინარაძე გამოყენებულია ისე, როგორც სხვები არიან გამოყენებულნი, ციხეში მყოფი ადამიანები. დაველოდოთ!

კაცი, რომლის დაჭერასაც აპირებენ, სახელმწიფო დაცვა რატომ უნდა ჰყავდეს? შესაძლოა უახლოებს მომავალში არ დაიჭირონ, მაგრამ სხვა რაიმეს აპირებდნენ და თუ სხვა რამეს აპირებენ, იმ პირობებში, როდესაც მას სახელმწიფო დაცვა ჰყავს, ეს რთული ასახსნელი იქნება. მისი მოულოდნელად გენერლად, სუს-ის უფროსად დანიშვნა და შემდეგ სტრესის გამო სახლში წასვლა იმას უკავშირდება, რომ მას გარკვეული საფრთხე დაემუქრა გუნდის შიგნით და იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მას კონკურენცია გაუწიეს იმ საქმეებში, რომლებსაც ის საკმაოდ წარმატებით აკეთებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

პოლიტიკოსმა ასევე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც შეაფასა, საქართველოში სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს საკითხი დასარეგულირებელი და აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი მოსაწესრიგებელია, რათა საქართველოში ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ამ მიმართულებით ქვეყანა ერთგვარ „შავ ხვრელად“ არ იქცეს.

„საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტს რომ ვნახავთ, შემდეგ მეტის თქმა შეგვეძლება, თუ რამდენად სწორად არის გაწერილი და რამდენად არის ინიციატივაში ჩადებული ის მექანიზმები, რომლებიც ამ პრობლემებს მოაგვარებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ინიციატივა ახლა სწორედ იმ წარსული ორი კვირის განმავლობაში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარეობს.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა არაერთხელ დააბრალეს ქართველებს, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ, დააბრალეს ისე, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის კონტექსტი დაავიწყდათ. დაავიწყდათ ის, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვის გაზრდა ქვეყანაში წელიწადში მინიმუმ 15 ათასი ლარი ჯდება, ის, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა საყოველთაო ჯანდაცვით არ ფინანსდებოდა, ის, რომ სოციალური გაჭირვებიდან გამომდინარე, ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ქართველების დამოკიდებულება ამის მიმართ შეიცვალა, არა! გაჭირდება ისეთი ქართველის პოვნა, რომელსაც არ უნდა, შვილი ჰყავდეს და დიდი ოჯახი ჰქონდეს, ეს ქართველის მენტალობაში ზის, რომ დიდი ოჯახი ჰქონდეს.

ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ინიციატივა წამოაყენა და ფასების კომისია შექმნა, რომელსაც ფასები უნდა დაეწია. ამ კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ფასები კი არ დაიწია, არამედ დღეს უკვე გაორმაგებულია. ნინო წილოსანმა რა ურჩია ღარიბებს? დახლები არის, სადაც ვადაგასული საკვები დევს და ის აჭამეთ თქვენს შვილებსო, ეს ხალხი გვესაუბრება დემოგრაფიაზე! ამ პრობლემის მოგვარება თუ სურთ, სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს.

გასხვისებული რომ აქვთ არაბებზე ქართული მიწა-წყალი, თან ევროპელებს დასცინიან - „არაბებით გაივსო ევროპა და ჩვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთო“. რეგიონი არ დარჩა, სადაც არაბებზე მიწა არ გაასხვისეს. ქართველები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან ვერც სამსახურს შოულობენ და ვერც ოჯახებს არჩენენ, მიწაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ქართველისთვის ადგილი ფაქტობრივად აღარ რჩება იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები მძიმე სოციალურ პრობლემებს ებრძვიან, ხოლო სხვა ქვეყნის წარმომადგენლები კი აქ მდიდრდებიან.

„ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიწები გასხვისდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე და არა ქართველებზე. აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ერთი ბინაც კი არ არის შეძენილი ქართველების მიერ შეძენილია სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიერ. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში მდიდრდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ყველა გამდიდრდეს, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ამ ქვეყანაში ქართველისთვის ადგილი რომ არ არის, ეს არის მძიმე და სწორედ ეს იწვევს დემოგრაფიულ კატასტროფას.

ისტორიულად პირველად საქართველო არის მომაკვდავი ერი, რადგან სიკვდილიანობამ შობადობას გადაუსწრო. მოხუცებს წამლის შეძენის პრობლემა აქვთ, არჩევანის გაკეთება უწევთ, წამალი იყიდონ თუ საკვები. მაშინ, როდესაც 1700 ლარით გაიზარდა მინისტრების, პარლამენტარებისა თუ პრემიერის ხელფასები, პენსიონერებისთვის 45 ლარზე მეტი ვერ გაიმეტეს. ვეტერანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს და სასწორზე დადეს ქვეყნისთვის, 100 ლარი აქვთ და ესეც ვერ გაუზარდეს.

დევნილებს ხომ საერთოდ დასცინეს. 45 ლარს იღებენ და ზოგიერთი ათეულობით წლებია საცხოვრებელ ბინას ელოდება. ახლა უთხრეს, რომ ოჯახის წევრზე 10 000 ლარს მოგცემთო ოთხი წევრისგან შემდგარმა ოჯახმა 40 000 ლარად რა უნდა იყიდოს? მაგრამ თავად ინფლაციაზე რომ საუბრობენ, ეს ინფლაცია მათთვის 1700 ლარით იზომება, სხვისთვის კი 45 ლარით. ეს უსამართლობაა!

ჯარიმებით მილიონები შედის და ბოლო ერთ წელიწადში 65-ზე მეტი კანონპროექტია პარლამენტში მიღებული, რომელიც ჯარიმის დაწესებას, გაზრდასა და გაორმაგებას შეეხება. მაშინ, როდესაც სამი კვირის წინ საერთაშორისო აზარტული თამაშების ორგანიზატორებს დაუწესეს ისეთი შეღავათები, რომლებიც მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ აქვთ. თავად არიან აზარტული თამაშებიდან მილიონების მიმღებები. ლეგალური გადასახადი რატომ მოუხსნეს აზარტული თამაშების ორგანიზატორებს, როდესაც ეს თანხა ბიუჯეტში უნდა შეეტანათ? ასევე, დარღვევის შემთხვევაში 50 000-ლარიანი ჯარიმა სასაცილოა, როდესაც ისინი მილიარდებს შოულობენ. მაგალითები კი მოჰყავდათ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც დარღვევისთვის ჯარიმა ერთი მილიონიდან იწყება. მათ არ აინტერესებთ, ბიუჯეტში შევა თუ არა თანხა. მათ რომ ქართველი ერის გადარჩენა აინტერესებდეთ, მეტ ენერგიას დაახარჯავდნენ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც არ გვაქვს და ისეთ მავნებლობებზე, რომლებიც მართლა ანადგურებს ქვეყანას“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.