გერმანიასა და დანიაში სკოლებში ბომბების არსებობის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლებთან დაკავშირებით ბომბების აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.
პოლიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებების ფაქტებს იძიებენ, ამ ეტაპზე არ აქვთ საფუძველი, ისინი რეალურ საფრთხედ მიიჩნიონ.
დღეს ამგვარი შემთხვევების შესახებ პირველად ერფურტისა და ფრაიბურგის პოლიციამ განაცხადეს.
მსგავსი ცნობები ვრცელდება დანიაშიც. გერმანიის მსგავსად, დანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ მუქარებს სერიოზულად არ მიიჩნევენ, „თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ისინი ადგილობრივ სკოლებში დაუცველობის განცდას ქმნიან“.
გასულ კვირას ესპანეთში 10-ზე მეტი სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ელექტრონული ფოსტით მიიღეს მუქარა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ.
მიმდინარე თვის დასაწყისში ევაკუაცია განხორციელდა იტალიის სკოლებიდანაც მას შემდეგ, რაც ათასობით სკოლამ ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ელექტრონული ფოსტით მუქარა მიიღო.

























