კახა კუკავა - ივანიშვილი ქვეყნისთვის იგივე მასშტაბის პრობლემაა, რაც იყო მურვან ყრუს შემოსევა - მისი კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ სახელწოდებით და საზღვრებით აღარ იარსებებს

ივანიშვილი დღეს ქვეყნისთვის არის იგივე მასშტაბის პრობლემა, რაც იყო მონღოლთა შემოსევა, მურვან ყრუს შემოსევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
კახა კუკავას შეფასებით, რასაც „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული მანქანა“ კადრულობს, ყველანაირ ადამიანურ ნორმებს მიღმაა, ამიტომ სისხლის სამართლებრივი წესით უნდა აგონ პასუხი.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დანაშაულებრივი მასშტაბებისაა. როდესაც „ქართული ოცნება“ გასამართლდება და დაჯდება განსასჯელის სკამზე, ეს პროპაგანდისტული მანქანა, რაც არის შექმნილი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს უნდა იქნეს გასამართლებული. ეს არის ბინძური პროპაგანდის მანქანა. რასაც ესენი კადრულობენ, წარმოუდგენელია, ყველანაირი ადამიანური ნორმების მიღმაა და ამის გამო მათ სისხლის სამართლებრივი წესით უნდა აგონ პასუხი. აგებენ კიდეც, დარწმუნებული ვარ.
ივანიშვილი დღეს ქვეყნისთვის არის იგივე მასშტაბის პრობლემა, რაც იყო მონღოლთა შემოსევა, მურვან ყრუს შემოსევა. 21-ე საუკუნეში ივანიშვილი ემუქრება ქართულს ახელმწიფოს გაქრობის რისკით, მეტს მურვან ყრუც არ აშავებდა, შეიძლება [საქართველოს] გაქრობასაც არ აპირებდა, ზუსტად არ ვიცი, მისი დოქტრინა რა იყო. კიდევ რამდენიმე წლით ივანიშვილის საქართველოში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ სახელწოდებით და ამ საზღვრებით აღარ იარსებებს“, - განაცხადა კახა კუკავამ.
კახა კუკავამ გადაცემაში მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტს იაქტიურებს, მეტ არგუმენტს მისცემს ივანიშვილის პროპაგანდას.
„მე არ დავუკარგავ სააკაშვილს იმას, რაც კარგი გააკეთა - ინფრასტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, აჭარის რეინტეგრაცია და ა.შ. კარგი რომ ჩამოთვალო, ასჯერ მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ დღეს რომ ციხიდან ყეფს [სააკაშვილი], ის ტყუილი იყო, ხალხი რომ გააწამა? ნახევარი მილიონი ადამიანია საქართველოში, ვინც ციხე გამოიარა, ვისაც წაართვეს ქონება და პირად მტრად თვლის. ვინმე თუ დააჯერებს და გააგებინებს ამ ადამიანს, რომ მისი პირადი ინტერესისთვისაც ჯობია, თუ უნდა ციხიდან გამოსვლა, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეც, თუ უნდა ივანიშვილის გადაყენება, ყველაზე კარგი, რაც შეუძლია გააკეთოს, მიეფაროს რაღაც პერიოდი მაინც ამ პილოტურ პროცესებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არის ის არგუმენტი, რომელიც ქოცებს ყველა არჩევნებზე 300-400 ათას ხმას ამატებს.
რაც უფრო მეტს იაქტიურებს ეს ადამიანი, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი, რომ აპირებს საქართველოში იმავეს გაკეთებას, რასაც აპირებდა 2003-2012-მდე და თურმე ყველაფერი ცუდი არის „ეფესბეს“ პროპაგანდის მოგონილი, ივანიშვილს მისცემს არგუმენტს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

























